გლობალურ ბაზარზე ყავის ფასის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება. საქართველოში ყავის იმპორტი მარტში 56%-ით გაძვირდა. მოცულობა კი 8.8%-ით შემცირდა. მსოფლიოში ყავის ფასის მატება მოსავლის მასობრივად გაფუჭებას უკავშირდება. ბაზარს ნაკლები მოცულობის ყავა მიეწოდა. დეფიციტმა კი ფასის მატება განაპირობა.
Costa Coffee-ს საოპერაციო დირექტორი ელენე ჯგერენაია ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ბაზარზე ფასის მატების ტენდენცია შესაძლოა შენარჩუნდეს, რადგან მოსავლის აღებიდან ყავის ბაზარზე გატანამდე 6 თვეა საჭირო.
,,ფასის მატება უკავშირდება მსოფლიო ბაზარზე ყავის მოწოდების შემცირებას. მოწოდება აღარ არის ისეთი მაღალი, როგორი იყო. გაძვირება სწორედ იმან გამოიწვია, რომ გაფუჭდა დიდი რაოდენობით რობუსტას მოსავალი და შესაბამისად სიმცირემ გამოიწვია ფასის ზრდა. ვფიქრობ, რომ წელსაც ზოგადად რომ ავიღოთ ბაზარი ფასების ზრდა გაგრძელდება. დრო სჭირდება, რომ აისახოს ბაზარზე. 6 თვის წინ თუ მოსავალი გაფუჭდა 6 თვეში დაგვიდგება ეკონომიკური შედეგი. რადგან ყავის მოსავლის აღებიდან დაახლოებით ეს პერიოდია იმისთვის საჭირო, რომ ყავა დავამუშაოთ და გასაყიდად გამოვიტანოთ. ამიტომ ბაზარზე ერთიანად არ აისახება ფასის მატება. უფრო მოგვიანებით დგება შედეგი. ამიტომ ვფიქრობ, რომ გაგრძელდება ფასების მატება. ბოლო წლების განმავლობაში რობუსტას ფასმა მოიმატა ამიტომ გაძვირდა ყავა. საუბარია კომერციულ ყავაზე, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ. ’’- განმარტავს ელენე ჯგერენაია.
Costa Coffee-ს საოპერაციო დირექტორი აცხადებს, რომ გაზრდილი ფასის პირობებში იმპორტირებული ყავის მოცულობის შემცირება მოსალოდნელი იყო. ელენე ჯგერენაია ამბობს, რომ ფასის ზრდა ქვეყანაში ნაკლები ყავის შემოტანას იწვევს. თუმცა განმარტავს, რომ ფასის მატება მოხმარებაზე დიდი გავლენას არ მოახდენს. მისივე თქმით, ბაზარზე ბევრი ალტერნატივაა და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასის მქონე ყავის ყიდვა შეუძლია. თუმცა ფასის შენარჩუნება მას ხარისხის დათმობის ხარჯზე მოუწევს.
,,ყავა არ არის ის პროდუქტი რომელზეც მოხმარებაში ძალიან დიდი სხვაობა გვექნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ბევრი ალტერნატიული მარცვალი შემოდის ქვეყანაში. შესაბამისად, თუ კონკრეტული კომპანია გააძვირებს, გზა არსებობს, რომ შედარებით იაფიანი მარცვალი შეიძინოს მომხმარებელმა. ფასის მატების გამო ყავის მოხმარებაზე დრამატული ეფექტი არ მოხდება ამ ეტაპზე. არის დაბალი ხარისხის მარცვალი, რომელიც შეგიძლია გაცილებით იაფად იყიდო. ხარისხის დათმობის ხარჯზე მოხდება ფასის შენარჩუნება. თუმცა ეს ჩვენს კომპანიას არ ეხება. ჩვენ ჩვენი ყავის პლანტაციები გვაქვს. არავისგან მარცვალს არ ვყიდულობთ. მხოლოდ ჩვენს პლანტაციებზე მოგვყავს მარცვალი. ბაზარზე ბევრი ალტერნატივა არსებობს. ერთი კომპანია თუ გააძვირებს ეს დიდ სურათს არ შეცვლის.’’- ამბობს ელენე ჯგერენაია.