ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ე.წ. ყავების ქუჩის ალტერნატივის მოწყობისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მერია იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, რათა პროექტში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით დაინტერესება გამოხატონ.

ზესტაფონის მერია მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვას ორ ლოკაციაზე აცხადებს: ახალი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის F-4-ის მონაკვეთის კმ10+700-ის მიმდებარედ ავტობანთან არსებულ მიწის ნაყარზე - ფართობით 4700 მ2 და მეორე მიწაყრილის პირდაპირ, ფართობი 1 ჰა. ალტერნატიული სივრცის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე ორივე ობიექტზე, ერთად ან ცალ-ცალკე.

ცნობისთვის, ტერიტორია მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ ზესტაფონის ცენტრიდან მე-4 კილომეტრზე. შეთავაზებული ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული არ არის ტურისტული ან სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვისა, დაინტერესებულმა კომპანიამ შემდეგი სახის სამუშაოები უნდა განახორციელოს:

ა) ლოკაციების მაგისტრალთან დასაკავშირებელი შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლების მოწყობა;

ბ) ერთდროულად არანაკლებ 5 ავტობუსისა, 7 სატვირთო და 20 მსუბექ ავტომობილზე გათვლილი ასფალტის ან/და ბეტონის საფარიანი ავტოსადგომის მოწყობა, გზის ორივე მხარეს;

გ) სველი წერტილების მოწყობა (არანაკლებ 5 მამაკაცი; 5 ქალი და 1 შშმ პირი);

დ) საკვები პუნქტების მოწყობა (კაფე ან და სწრაფი კვების ობიექტის, არა უმეტეს 20 დასაჯდომით, სულ 50 ობიექტი. მათ შორის 30 ობიექტი გზის მარჯვენა და 20 ობიექტი გზის მარცხენა მხარეს);

ე) სხვადასხვა სახის სუვენირების სარეალიზაციო ობიექტების მოწყობა არანაკლებ 10 და არაუმეტეს 20 ობიექტისა, ორივე მხარეს; (სავალდებულო არ არის)

ვ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტები ორივე მხარეს არა უმეტეს 10 ერთეულისა; (სავალდებულო არ არის)

ზ) ავტომობილის ელ. გასამართი სადგურები ორივე მხარეს; (სავალდებულო არ არის)

თ) ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისათვის;

წარმოდგენილი კანდიდატებიდან უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომლის მიერ განაცხადით შემოთავაზებული იქნება განსახორციელებელი ინვესტიციის მაქსიმალური ოდენობა.

ზესტაფონში, „ყავების ქუჩაზე“ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის კმ-193-ის მიმდებარედ წლების განმავლობაში ფუნქციონირებს სწრაფი კვების 50-მდე ობიექტი. აღნიშნული ობიექტების წარმატებულ საქმიანობას განაპირობებდა ადგილობრივი და ტურისტული მგზავრთა ნაკადის რაოდენობა. დღეს ზესტაფონის შემოვლითი 9-კილომეტრიანი გზა გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი-აღმოსავლეთით და პირიქით მოძრავ ავტომობილებს ქალაქ ზესტაფონში ე.წ. ყავების ქუჩაზე გავლა აღარ მოუწევთ. როგორც დღეს, გზის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, სავაჭრო ობიექტებისთვის შეიქმნება ალტერნატიული სივრცეები.

“გზის მშენებლობასთან ერთად ჩვენ ვინარჩუნებთ იმ ტრადიციულ მდებარეობებს, ოღონდ უკვე ახალ მაგისტრალთან, საგზაო უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და მეტი შესაძლებლობით. მიმდინარეობს სამუშაოები შროშაში, სადაც მოეწყობა ნაკეთობებისთვის შესაბამისი ადგილი. ასევე გათვალისწინებულია აგროპროდუქციისთვისაც ადგილობრივებისთვის შესაბამისი ადგილის მოწყობა. უკვე დაწყებულია შესაბიმისი პროცედურები. რაც შეეხება ზესტაფონს, ტრადიციული სწრაფ კვების ობიექტებისთვის შესაბამისი ადგილების მოწყობა იგეგმება”, - განაცხადა ქარსელაძემ.

bm.ge ცდილობს შროშის სავაჭრო სივრცის ალტერნატივასთან დაკავშირებითაც მოიპოვოს ინფორმაცია.

ცნობისთვის, მსგავსი ალტერნატიული სივრცის მოწყობა იგეგმებოდა ხაშურის შემოვლით გზაზე ჰამაკებით მოვაჭრეებისთვისაც. თუმცა, აღნიშნული სივრცე დღემდე ცარიელია.

bm.ge