ახლა, ამ კანონით და ბიზნესის მხრიდან გამჭვირვალობის მოთხოვნით, გვაქვს სიტუაცია, როცა სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ, საკუთარში დირეს - ვერა, - ასე შეაფასა, ყოფილმა ბანკირმა და მენეჯერმა ნიკოლოზ შურღაიამ ზოგიერთი ბიზნესის მფლობელის მიერ "რუსული კანონის" მხარდამჭერი
განცხადებები.

შურღაია bm.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორს გამჭვირვალობა ისედაც არ აკლია.

„ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მეც გავაკეთე კომენტარი ცილისმწამებლურად „შავი ფულის“ ხსენებაზე. ბევრი ხმამაღალი განცხადება მოვისმინე NGO-ების დესტრუქციული ქმედების შესახებ, მაღალი ტრიბუნებიდან. არავითარი ფაქტი არ წარმოუდგენიათ. საწინააღმდეგო არგუმენტი კი ბევრია და ეს საზოგადოებამ იცის. NGO-ები ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების სასარგებლო პროექტს ახორციელებ(დ)ნენ საქართველოსთვის.

რამდენიმე განცხადება წავიკითხე, რომელიც ბუნდოვანია, მაგრამ ახსენებს სიტყვა გამჭვირვალობას და ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ არასამთავრობო სექტორს სხვაზე მეტად სჭირდება ეს. ჩემი მიდგომა მარტივია. პირველ რიგში, საკუთარი თავიდან დაიწყოს ყველამ. როგორ სტანდარტსაც არასამთავრობო სექტორს სთხოვენ, ისეთი სტანდარტის გამჭვირვალობა უნდა მოსთხოვონ სახელმწიფო სტრუქტურებს, მოხელეებს უფრო მეტიც. ასევე, ისეთივე გამჭვირვალე სულისკვეთებით უნდა იყოს გამსჭვალული ბიზნესიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რეალობა ასეთი განცხადებები ფარისევლობად ჩანს,“- განაცხადა შურღაიამ.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული ფაქტები, როცა კორუფციაში მხილების მიუხედავად, თანამდებობის პირები მუშაობას აგრძელებდნენ და მათ მიმართ, სტანდარტი იგივე არ ყოფილა.

"არასახელმწიფო ორგანიზაციები ბინდით მოცულ ბევრ გარიგებას ამხელენ და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებენ ხოლმე ჩინოსნებს. მაგალითისთვის შეგიძლიათ ნახოთ, რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებული ფილმი მინისტრის ყოფილ მოადგილე რომეო მიქაუტაძის შესახებ. ბატონი რომეო რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის სექტორს და ამ ფილმის გამოქვეყნების შემდეგ 9 თვე მაინც იმუშავა. სხვა ფილმები და საჯარო მასალაც არის მის შესახებ. ასეთი მხილება და ანგარიშვალდებულების მოთხოვნა, არაკომფორტულია ზოგიერთი თანამდებობის პირისა და ბიზნესის მფლობელისთვის.

ასეთი შინაარსის კანონი რაღაც ეტაპზე საქართველოს დასჭირდება, მაგრამ ეს კანონი არა და არა ახლა. ამ კანონით და ზოგიერთი ბიზნესის მხრიდან გამჭვირვალობის მოთხოვნით არასახელმწიფო სექტორზე, გვაქვს სიტუაცია, როცა სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ, საკუთარში დირეს - ვერა. (მათე.7,3-5 ლუკა 6,41.).

მაინტერესებს, რა პარტიების და რა გადატრიალებების დაფინანსებაზეა საუბარი NGO-ების ფულით? მე, მაქვს შთაბეჭდილება, რომ არასახელმწიფო სექტორის თანამშრომელს, რომელიც ხელფასს იღებს და დადის აქციაზე, ეს რაღაც ტიპის პრეფერენციებად აღიქმება, არის ძალიან საშიში. ასეთი რამეები სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებზე და ზოგიერთ ბიზნესზეც გამიგია. გაგონილი და ფაქტი
განა ტოლფასია? კონკრეტულად ვინ თხრიდა გვირაბს ლონდონიდან ბომბეიმდე? რა აღიქმება დესტრუქციად? ეს უნდა განიმარტოს მკაფიოდ", - განაცხადა შურღაიამ BM.GE-სთან.

bm.ge