საქართველოს მთავრობამ კომპანია „პარვუსს“, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოს მიმდებარედ 700 კვ.მ  მიწის ნაკვეთი და 400კვ.მ-ის ფართობის მიწა ასპინძის მუნიციპალიტეტში, აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპანიამ 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 840 ლარი უნდა გადაიხადოს და ამასთან, განკარგულებით გადაცემული უძრავი ქონება „პარვუსს“ 2022 წლის 27 ივნისს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგური „კორშა 1 ჰესი“ უნდა ააშენოს და განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში უნდა გაუშვას.

„კორშა 1 ჰესის“ სიმძლავრე - 1 მგვტ, გამომუშავება - 5.1 მლნ/კვტ/სთ, ინვესტიცია კი 1,2 მლნ ევრო იქნება.

მეორე ხელშეკრულებით, „პარვუსს“ 400კვ.მ-ის ფართობის მიწა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში 49 წლით აღნაგობის უფლებით გადაეცა და ყოველწლიურად კომპანიამ 709 ლარი უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში „პარვუსსა“ და სახელმწიფოს შორის 2021 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქონება „ტოლოში ჰესის“ აშენებისა და ექსპლუატირების მიზნით უნდა გამოიყენოს.

„ტოლოში ჰესის“ სიმძლავრე 1,5 მგვტ, გამომუშავება - 10,57 მლნ/კვტ/სთ, ინვესტიცია კი 1,95 მლნ ევრო იქნება.

ცნობისთვის, „პარვუს ჯგუფს” დუშეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს დაფინანსებით ორი 200 კვტ-იანი ჰიდროელექტროსადგურის - ბიტეხის და ახიელის ჰესების პროექტები აქვს განხორციელებული. ასევე, კომპანიამ საკუთარი სახსრებით ხევსურეთში ააშენა სამი კასკადური ტიპის - როშკა 1, როშკა 2 და როშკა 3 ჰესი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 4 მგვტ-ს შეადგენს.