„პირველ წლებში ქართული ნუში გავიტანეთ იმ ბაზარზე, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იყო“ - ასე ხსნის ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი, ლევან ქვარიანი საქართველოდან ნუშის მხოლოდ ერთ ბაზარზე - რუსეთში ექსპორტს. თუმცა მისივე თქმით, ამ დროისთვის აქტიურად განიხილება როგორც სხვა მეზობელი ქვეყნების, ასევე ინდოეთის ბაზარიც, შორეულ პერსპექტივაში კი ევროკავშირიც. ქვარიანი ამბობს, რომ პირველი პარტია ინდოეთში უკვე გავიდა და „ამ ქვეყანას სამომავლოდ ერთ-ერთ პოტენციურ საექსპორტო ბაზრად განვიხილავთ“.
ქართული ნუშის ექსპორტი 37-ჯერ გაიზარდა, ამასთან, ყველა დროის რეკორდულ მაჩვენებელზეა იმპორტიც.
ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საქართველოდან 112.6 ტონა ნუში გავიდა, ჯამში 673.3 ათასი დოლარის ღირებულების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 3 ტონა, 19 ათასი დოლარის ღირებულების. აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ნუში მთლიანად რუსეთში გავიდა, საექსპორტო ფასმა კი ერთ კილოგრამზე 6 დოლარი შეადგინა.
ამასთან, წელს გაზრდილია ნუშის იმპორტიც. წელს პირველ კვარტალში საქართველომ 364.1 ტონა ნუში იყიდა, ჯამში 1.986 მლნ დოლარის ღირებულების, რაც ფაქტობრივად, ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ წელს წელს ერთი კილოგრამი ნუშის იმპორტო (გადასახადების გარეშე) 5.4 დოლარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალოდ, 3.1 დოლარს შეადგენდა. შარშან იანვარ-მარტში საქართველოში 672.3 ათასი დოლარის ღირებულების 214.4 ტონა ნუში შემოვიდა.
„რეალურად, ქართული ნუშის ექსპორტი 2022 წლიდან დაიწყო, როცა მინიმალური რაოდენობით გავიტანეთ, 2023-ში უკვე 27 ტონა ექსპორტირდა, ხოლო 2024-ში - 157 ტონა. იმის მიზეზი, რომ საერთო მოცულობის უდიდესი ნაწილი რუსეთში გავიდა ისაა, რომ უკვე შესწავლილი ბაზარია და კონტაქტებიც მეტი არსებობს. თუმცა, პოზიტიურია ის, რომ პარტნიორ ქვეყნებშია თურქეთი, აზერბაიჯანი და გამოჩნდა ინდოეთიც. აქტიური კომუნიკაცია მაქვს იმ კომპანიებთან, რომელთაც ნუში ინდოეთში გაყიდეს და შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანას სამომავლოდ ერთ-ერთ პოტენციურ ბაზრად განვიხილავთ. წლის დასაწყისში ჩვენი ასოციაცია იქ გამართულ გამოფენასაც ესწრებოდა და საკმაოდ ბევრი კონტაქტიც წამოვიღეთ, რომელთა გამოყენებასაც უახლოეს სეზონებზე ვგეგმავთ.
რომ შევაჯამოთ, პირველ წლებში ქართული ნუში გავიტანეთ იმ ბაზარზე, რომელიც უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყო. თუმცა სრულიად შესაძლებელია, ინდოეთის ბაზარი გაცილებით გადახდისუნარიანი და სტაბილური აღმოჩნდეს და ინდუსტრია ამ მიმართულების კარგად შესწავლისთვის აქტიურად მუშაობს. ცხადია, სამომავლოდ ევროკავშირის ბაზარსაც განვიხილავთ, თუმცა ჯერჯერობით იქ გასატანად საჭირო სტანდარტებსა და სერტიფიცირებას ვერ ვაკეთებთ, რადგან ჩვენი ნუშის ინდუსტრია, განსაკუთრებით გადამუშავების კუთხით, მხოლოდ საწყის ეტაპებს გადის. 2-3 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირის სტანდარტების ნუში ვაწარმოოთ და იქაც გავიტანოთ - მოგეხსენებათ, ევროპა ნუშს კალიფორნიიდან ყიდულობს და უფრო ახლომდებარე ბაზრებისგან, თუკი სათანადო ხარისხის პროდუქტის მიღება შეეძლება, მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის“.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმ მთავარ მიზეზს, რის გამოც ქვეყანაში ნუშის მოსავლის რაოდენობა წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება.
„გასულ წელს ექსპორტზე ჯამურად 157 ტონა გავიტანეთ, წელს კი მხოლოდ იანვარ-მარტის პერიოდში - უკვე 112 ტონა და 2024-ში აღებული მოსავლის ნაწილი ახლაც იყიდება. ეს ნათლად მიანიშნებს, რომ ქართული ნუშის ინდუსტრია იზრდება, მსხმოიარობაში სულ უფრო მეტი ბაღი შედის - ჩვენ ნუშის მასშტაბურად გაშენება 7-8 წლის წინ დავიწყეთ და მსხმოიარე ბაღების რაოდენობაც შესაბამისი პროპორციით ყოველწლიურად იმატებს და შემდეგ წლებშიც მოიმატებს“, - ამბობს ქვარიანი.
რაც შეეხება იმპორტის ზრდას, ქვარიანი ამას რეექსპორტით ხსნის.
„იმპორტის ზრდა ეს მთლიანად რეექსპორტის მიზეზით აიხსნება - გასულ წლებშიც ვყიდულობდით და გაგვქონდა ყაზახეთში, სომხეთში ან რუსეთში. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ქართული ნუში საქართველოს ბაზარს აკმაყოფილებს. ჩვენი ასოციაცია ყოველი წლის ბოლოს, ნოემბერში, 100-მდე ნუშის მწარმოებელთან ატარებს გამოკითხვას და შემიძლია გითხრათ, რომ 2024 წელს სრული მოსავალი 3 000 ტონა გაუტეხავი ნუში იყო, რაც 1 000 ტონამდე გულს ნიშნავს, 2023-ში დაახლოებით 700 ტონა გული გვქონდა, წელს კი, ჩემი ვარაუდით, გაუტეხავი ნუშის რაოდენობა 4 500-დან 5 000 ტონამდე შეიძლება გაიზარდოს, რაც მინიმუმ 1 500 ტონა გულს მოგვცემს.
საქართველოში გასულ წლებში ნუშის წლიური მოხმარება 200-300 ტონა იყო და გვახსოვს, რომ ფასი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა ბოლო წლებში ეს რიცხვიც სწრაფი ტემპებით იზრდება - ამჟამად დაახლოებით 1 000 ტონამდე გატეხილ ნუშს მოვიხმართ, რაც ფასის კლებაშიც გამოიხატა და დღეს კილოგრამი ნუშის ყიდვა დაახლოებით, 27 ლარად შეგვიძლია. გაიზარდა ცნობიერება და ამ კულტურის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტი ინტერესი და მოთხოვნაა“, - აღნიშნა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსთან“.