მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის 4%-იანი მატება დაფიქსირდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 9.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (8.5%);
  • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.19 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (5%) და სასმელები (6.9%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 11.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.7%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.12 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

რაც შეეხება თვიურ ჭრილს, 2024 წლის თებერვალთან შედარებით მარტში ფასები 7.2%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაზე 0.39 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა.

ამავე პერიოდში დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ფასები 1%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0.83 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 0.6%-იანი მატება სასმელებზე და 5.5%-იანი მატება ძირითად ლითონებზე.

გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.