შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 1795 შემთხვევაა დაფიქსირებული
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.
უწყების ცნობით, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.
„აშშ-ს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება იმ ფორმით და იმ პროცედურით, რასაც თავად მოიცავს დაწესებული სანქციები და შესაბამისი პროცედურების შესახებ, ინფორმირებული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
დღეის მონაცემებით, აქტიურია რისკის 36 პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკფაქტორების გამოვლენის ინიციირებას. ბოლო მონაცემებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 1795 შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მათ შორის, სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელარუსში შეტანასაც.
აღნიშნული შეზღუდვა, უწყების მხრიდან მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას ექვემდებარება. ტრანზიტული ნომრის მქონე ავტომობილების, რომლებიც გადაადგილდებიან ტრანზიტულად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შემოსვლისას, მკაცრად კონტროლდება შესაბამისი დოკუმენტაცია, თუ რომელი ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება.
დღეის მდგომარეობით მოქმედი შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ამასთან, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად,"- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.