ამერიკაში ავტომობილების იმპორტზე 25% ტარიფი უკვე მოქმედებს. გადაწყვეტილებამ ნეგატიური მოლოდინი უკვე შექმნა, თუმცა, როგორც მიმდინარე ეტაპზე ირკვევა, სატარიფო პოლიტიკას ჯერჯერობით ავტომობილების მნიშვნელოვანი გაძვირება არ მოჰყოლია. სამომავლად ასეთი ვითარება შეიძლება მართლაც წარმოიშვას, რაც გავლენას საქართველოზეც მოახდენს. 

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ავტოინდუსტრიაში მოლოდინი გაუარესდა, როგორც უშუალოდ ამერიკაში, ისე საქართველოშიც და ამაზე განცხადება ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 25%-იანი ტარიფის დაწესება ზოგადად ავტომობილების საფასურს გაზრდის, რაც საქართველოში აშშ-დან ავტოიმპორტზეც აისახება.

"პირდაპირი სავაჭრო არხით სატარიფო პოლიტიკას, შესაძლოა, ყველაზე დიდი გავლენა მსუბუქი ავტომობილების ბაზრიდან ჰქონდეს. 2025 წლის მაისიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ძირითად საავტომობილო ნაწილებზე 25%-იანი ტარიფი ძალაში შევიდა. საქართველოსათვის ავტომობილების იმპორტის 50% აშშ-ის ბაზარზე მოდის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ იმპორტის დიდი ნაწილი რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებულ ღირებულებას ქმნის. შესაბამისად დაანონსებული სატარიფო პოლიტიკის აღსრულება, ერთი მხრივ, მაღალი ფასის გამო იმპორტს შეამცირებს, რაც  რეექსპორტიდან მიღებულ დამატებულ ღირებულებაზეც და ეკონომიკურ აქტივობაზეც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს.

იმ დაშვებით, თუ 25%-იანი ტარიფები სამომხმარებლო ფასებს სრულად გადაეცემა, ხოლო იმპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.79-ს უდრის (მსოფლიო ბანკის შეფასება), აშშ-დან საქართველოში ავტომობილების იმპორტი დაახლოებით 10.7%-ით შემცირდება. იმავდროულად თუკი დავუშვებთ, რომ ექსპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.45-ია, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 10.8%-ით შემცირდება. გასათვალისწინებელია, რომ სატარიფო პოლიტიკის ირგვლივ არსებული მაღალი გაურკვევლობის გამო, ეს პირველადი შეფასება ახალი მონაცემების გამოქვეყნებისას შესაძლოა, შეიცვალოს", - ნათქვამია სებ-ის შეფასებაში.

დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ასახვა ჯერჯერობით არ მოჰყოლია. ასეთი პოზიცია აქვს სფეროს წარმოამდგენლებს. როგორც ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა განაცხადა, თუ ამერიკული ბაზარი ძალიან გაძვირდება, ეს მიმართულება ჩანაცვლდება, მაგრამ ასეთი გარემოება ჯერჯერობით არ შეინიშნება.

"ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, გაძვირება არ შეინიშნება, როგორც ამერიკაში, ასვე საქართველოშიც, თუმცა სამომავლოდ, ტარიფების დაწესებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს. დღესდღეისობით ფასის მატება ძალიან მინიმალურია 2-3%. ეს თავისუფალი ბაზარი და ვაჭრობაა და როგორც ავტოიმპორტიორზეა დამოკიდებული, ისეა გადამზიდ კომპანიაზე. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ავტოსერვისი და ნაწილები. თუ ვინმეს მინიმალური პროცენტით ავრომობილი გაძვირებული დახვდა, წინა წელთან შედარებით, ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება მომსახურების ან ავტომობილის ნაწილზე ყოფილიყო ფასი მომატებული. ძალიან ბევრმა მიზეზმა და სიტყვაზე, ელემენტარულად ჭანჭიკმაც კი შეიძლება გამოიწვიოს მანქანის გაძვირება.

სამომავლოდ ტრამპის გადაწყვეტილება თუ იმოქმედებს ამერიკის ბაზარზე, ასახვა სარკისებურად იქნება საქართველოშიც, რადგან აშშ-ზე ვართ დამოკიდებული. თუ მანქანები ძალიან გაძვირდება, ქართველმა იმპორტიორები შესაძლოა, ალტერნალურ ბაზრებზე გადაერთონ, ნაწილობრივ მაინც. ადრე ძალიან ბევრი ავტომობილი შემოდიოდა ევროპიდან, თუმცა მერე მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყო იაპონური მანქანები, შემდგომ კი ამერიკა. ბაზრები ენაცვლება ერთმანეთს”, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა და დასძინა, რომ რეექსპორტზე ავტომობილები მაინც გავა.

ავტოიმპრტიორთა ასაოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე კი მიიჩნევს, რომ არასასურველი სცენარის შემთხვევაში, ავტომობილები საქართველოში მნიშვნელოვნად გაძვირდება, რეექსპორტი კი - შემცირდება.

"ნეგატიური სცენარის შემთხვევაში (აშშ-დან იმპორტირებული) ავტომობილები საქართველოში მნიშვნელოვნად, 25-30%-ით გაძვირდება. ეს კი საქართველოდან გასული ავტომობილების სარეექსპორტო ფასსაც გაზრდის. ამ შემთხვევაში მივიღებთ იმ სცენარს, რაზეც ეროვნული ბანკიც საუბრობს, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 11%-ით შემცირდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი ბაზარი არ ვართ. იქ დუბაიდან და ჩინეთიდანაც შედის ავტომობილები. თუკი ამერიკულ ავტომობილებზე ფასები მკვეთრად გაიზრდება, მაშინ ჩინური ავტომობილები იქნება მისი ალტერნატივა. თუ ეს მოხდა, ჩვენგან ბუნებრივია, ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად შემცირდება და ჰაბის ფუნქციასაც დავკარგავთ, რადგან ჩინეთიდან წამოსული ავტომობილები ცენტრალური აზიის ქვეყნებს გამოივლის და ისე ჩამოდის საქართველოში. აქედან კი უკან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვერ დაბრუნდება, ანუ მთელი რეექსპორტის გეოგრაფია შეიცვლება.

თუმცა არის სიგნალები, რომ აშშ ტარიფებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. საბოლოოდ არ ვიცით, უკვე დაწესებულ ტარიფებს, რა გავლენა ექნება მეორადი ავტომობილების ფასებზე, ამიტომ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ მოვლენები ნეგატიური სცენარით არ განვითარდება”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ჯერჯერობით ტრამპის გადაწყვეტილებას რომ დიდი ცვლილება არ გამოუწვევია, ამაზე ისაუბრა სფეროს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა. როგორც 'რობანი მოტორსის” დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, მყისიერ ასახვაზე საუბარი არარეალურია, რადგან ახალი ავტომობილების ნაწილი ავტოსალონებშიც კი არ არის ჯერ მიყვანილი.

"მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. ტრამპის გადაწყვეტილება ეხება ახალ იმპორტირებულ ავტომობილებს. ჩვენ ახალი ავტომობილების შესყიდვა არ გვიხდება. ამიტომ გადაწყვეტილება ჩვენს ბაზარზე შეიძლება ეს აისახოს 1-2 სააგნარიშო პერიოდის შემდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, სწრაფი ცვლილება გამოიწვიოს.

როგორც აღნიშნე, ამ ეტაპისთვის რაიმე ისეთი მნიშვნელოავნი ცვლილება არ ჩანს და არც გამოიკვეთება. ზოგიერთი მანქანა ავტოსალონშიც კი არ არის მიყვანილი და რა მყისიერ ასახვასა და ცვლილებების გამოჩენაზეა საუბარი? თუ ვიღაც-ვიღაცებმა ამ გადაწყვეტილებით ისარგებლეს და თავის სასიკეთოთ გამოიყენეს, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ამ ეტაპისათვის არაფერი ჩანს”, - განაცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ.

წყარო: "რეზონანსი"