ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გაიხსნა – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამას  ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გამოფენების ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 7 ქვეყნის (გერმანია, სომხეთი, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი) 200-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო  კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები,  მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები,  აქსესუარები და სერვისები.

„WinExpo Georgia“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში, რომლის მიზანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაცია.

გამოფენას ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ჩატარდება სპეციალური ღონისძიება „WinExport FORUM, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იმპორტიორები შეხვდებიან ქართველ მეღვინეებს.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება რიგით მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award,, რომლის ჟიურიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ღვინის ექსპერტებით. კონკურსში წარდგენილია 200-მდე ნიმუში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით.

გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ თბილისში, 6-8 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში ტარდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.