„წელს ჭირით ძალიან ბევრი ბატკანი დაიხოცა და უკვე ძალიან დიდი ზარალია“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჭირი ძირითადად ახალგაზრდა ცხოველს ემართება, თუმცა საქართველოში საპრევენციოდ აცრები არსებობს, მაგრამ მეცხვარეები ამ გზას როგორც წესი, არ მიმართავენ ან თუ მიმართავენ, უკვე დაგვიანებულია.

„ჭირის აცრები არსებობს, უბრალოდ ჩვენთან, როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ფერმერების უმეტესობა ძალიან იგვიანებს და როდესაც ცხოველი კვდომას იწყებს, მაშინ იწყებენ ვაქცინაციას და ლოგიკურია, რომ ვეღარ შველიან“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.

ბექა გონაშვილის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანმა აკრძალა ცხვრის იმპორტი, საიდანაც პირუტყვი ერაყშიც გადიოდა.

„რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. „ჩვენი პროდუქცია, ცხვარი, არ არის შიდა ბაზრისთვის, ის ძირითადად საექსპორტოდ გამოიყენება, ამიტომ როგორც კი რომელიმე ბაზრის დაკეტვა ხდება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენზე. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ფასმა მოიმატა, რა შეიძლება აღდგომის მოსვლასთანაც იყოს კავშირში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ზარალი არის დიდი“ - აცხადებს იგი.

bpn.ge