„თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გამწვავდება, მთელი ამიერკავკასიისთვის დიდი გამოწვევა იქნება“ - როგორც „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ რადიო „პალიტრასა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, ის, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, ნეგატიურ გავლენას იქონიებს როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე, ასევე საქართველოზეც.
„ის, რაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, ნეგატიურ გავლენას იქონიებს როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე, ასევე საქართველოზეც. იმედია, დეესკალაციის გარკვეული ნიშნები იქნება მალე. რა თქმა უნდა, ეს მოვლენები ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა უფრო მეტად საშიშია მიგრაციის ეფექტი, რომელიც საქართველოს ემუქრება და რომელიც 2023 წელს ჩვენ უკვე ვნახეთ, როდესაც მიგრაციის ეფექტი გაიზარდა.
სხვათა შორის, იყო პერიოდები, როდესაც ბინების შესყიდვის კუთხით, ისრაელის მოქალაქეებმა რუსეთის მოქალაქეებს გადააჭარბეს“, - განაცხადა მან.
ეკონომისტმა აქცენტი ნავთობის გაძვირებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ამ მოვლენას ორი მხარე აქვს.
„მნიშვნელოვანია ზეგავლენა ნავთობის ფასებზე, რომლის ზრდაც ერთი მხრივ არ გვაწყობს, რადგან იმპორტიორები ვართ, თუმცა მეორე მხრივ, როცა ნავთობის ფასი გაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი შემოსავალი უჩნდებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ნავთობზე არიან დამოკიდებულები. აქ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის ფაქტორი და ამ შემთხვევაში მეტი სავალუტო შემოდინებები იქნება ქვეყნებში“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ირანს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. BBC-ის ცნობით, ბრენტის ტიპის საწვავის ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.