ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი ამბობს, რომ აკვირდება დისკუსიებს და სხვადასხვა მხარის შეფასებებს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით.

BMG-ის კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სადავო კანონის მიღებას საფინანსო ინსტიტუტთან ქვეყნის ურთიერთობაზე, იმ ფონზე, რომ არაერთი დასავლელი პარტნიორი კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი აღნიშნავს, რომ ამაზე წინასწარ საუბარი არ შეუძლია და ამჟამად EBRD საქართველოში საქმიანობას სტრატეგიის შესაბამისად აგრძელებს.

„ჩვენ ვაკვირდებით დისკუსიებს, ვუყურებთ სიახლეებს. პირადად მე ვეცნობი, რა არის მთავრობის პოზიცია, ვუსმენ რა არის ევროკავშირის და არა მხოლოდ ევროკავშირის პოზიცია. როგორც ჩანს, არის აზრთა სხვადასხვაობა. თუ კანონს მიიღებენ, სანამ მიღება და იმპლემენტაცია მოხდება, ვფიქრობ გაგრძელდება განცხადებები და ეს ყველაფერი გამოკვეთს სურათს.

ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებების მიმღებებზეა დამოკიდებული, რომლებიც ჩვენს შემთხვევაში აქციონერები, საქართველოს შემთხვევაში კი მთავრობაა. შეაფასებენ სიტუაციას და მოგვცემენ შესაბამის მიმართულებას. ეს წინასწარ არ ვიცი. ახლა ვაგრძელებთ მუშაობას და 2024 წელი ოპერაციულად ძლიერი იქნება EBRD-ისთვის საქართველოში. ველით, რომ განვახორციელებთ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში, საბანკო სექტორში, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაში“,- აცხადებს EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში.

ცნობისთვის, საქართველო აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას მასპინძლობს, რომელსაც EBRD-ის რეგიონალური დირექტორიც ესწრება.

bm.ge