საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტების ყოფილი მრჩევლის გიორგი ბაქრაძის აზრით, ქვეყანაში IMF-ის პროგრამის აღდგენა მნიშვნელოვანია.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სავალუტო ფონდის პროგრამის არსებობა ინვესტორებისთვის ერთგვარ დადებით სიგნალს წარმოადგენს.

„ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს სავალუტო ფონდისგან სესხების საჭიროება, ამიტომ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არც სავალუტო ფონდის პროგრამაა საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა. სავალუტო ფონდი, გარდა იმისა, რომ ეხმარება საგადასახდელო ბალანსის პრობლემების მქონე ქვეყნებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკის დამოუკიდებელი შემფასებელი და მონიტორი, მოქმედებს, როგორც მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მრჩეველი, უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას.

როგორც ეროვნული ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა წლების მანძილზე მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას.

მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის არსებობა ინვესტორებისთვის ერთგვარ დადებით სიგნალს წარმოადგენს. თანამშრომლობა გვეხმარება იმაში, რომ ცვლილებების საკანონმდებლო ბაზაში შეტანა გადის გარკვეულ მონიტორინგს, რათა შესაბამისობაში იყოს ფინანსური გამჭვირვალობის მსოფლიო სტანდარტებთან. სავალუტო ფონდის პროგრამის არსებობა, რაღაც კუთხით, მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად გვხდის“, - აცხადებს გიორგი ბაქრაძე.

წყარო: bm.ge