აუდიტის სამსახურს მთავრობის სარეზერვო ფონდის ფინანსური ან შესაბამისობის აუდიტი არ ჩაუტარებია - ამის შესახებ ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაში წერია.

როგორც დეპუტატ რომან გოცირიძისთვის სახელმწიფო აუდიტისგან გაგზავნილ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმით, მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტი გათვალისწინებული არ არის.

„კომპანია ,,Rothschild & Co“-ს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, უნდა შეემუშავებინა სტრატეგია საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის მიზნით. სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა და რომელიც შესაძლოა, არც არსებობს, საქართველოს გადასახადის გადამხდელებს 2022-2023 წლებში 10 მილიონი ლარი დაუჯდა.

გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: როდის განახორციელა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავრობის სარეზერვო ფონდის ფინანსური აუდიტი. ცნობილია თუ არა აღნიშნული ფონდიდან ამ კომპანიასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ და თუ არ განხორციელებულა, როდის იგეგმება შესაბამისი აუდიტის ჩატარება?“ - წერია რომან გოცირიძის მიერ აუდიტის სამსახურისადმი გაგზავნილ კითხვაში.

პასუხად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ „სამსახური მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესწავლას ახორციელებს თანხის მიმღები და შესაბამისად, განმკარგავი სახელმწიფო უწყების ფინანსური ან შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში. აღნიშნულ შემთხვევაში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყოფილია მთავრობის ადმინისტრაციაზე, რომლის ფინანსური ან შესაბამისობის აუდიტი ამ პერიოდში არ ჩატარებულა.

ამასთანავე, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტს ახორციელებს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმით, რომელიც გამოქვეყნებულია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.sao.ge). 2024 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმით, მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტი გათვალისწინებული არ არის.

რაც შეეხება შემდგომი წლების აუდიტორულ საქმიანობას, მოგახსენებთ, რომ გეგმის შედგენისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით, რომლის თანახმად, აუდიტის საგანი განისაზღვრება სისტემურ რისკებსა და პრობლემებზე ორიენტირებულ მიდგომაზე დაყრდნობით, რაც ითვალისწინებს შესაბამისი ინდიკატორებისა და კრიტერიუმების იდენტიფიცირების საშუალებით რისკ პროფილების ფორმირებას. აღნიშნულისა და არსებული საკადრო რესურსის გათვალისწინებით, ხორციელდება შესწავლის საგნისა და აუდიტის ობიექტის შერჩევა“, - წერია უწყების პასუხში.