2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბიზნეს სახლის“ მშენებლობა დიდი ზარ-ზეიმით წარადგინა, თუმცა დაანონსებული „რევოლუციური პროექტი“ შემდგომმა პრემიერ-მინისტრებმა დაიწუნეს და 10 მლნ ლარიანი კარკასი დღემდე დაკონსერვებულია.

გასულ წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის მშენებლობაზე განცხადება გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, სამინისტრო თავის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებთან ერთად ორთაჭალაში, გულიას 3 ნომერში გადავა. სწორედ ამ მისამართზე იგეგმებოდა, ჯერ კიდევ რვა წლის წინ „ბიზნეს სახლის“ პროექტის განხორციელება.

ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ კარკასია, რომელიც სახელმწიფოს 10 მლნ ლარი დაუჯდა და რომლის დემონტაჟიც და სამინისტროსთვის გათვლილი ახალი შენობის აშენებაც იგეგმება. 

ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის მშენებლობა, ასევე უცნობია როდის გამოცხადდება მასზე ტენდერი.

არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული გასული წლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ შეთანხმებულია 49 000 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლის მიხედვითაც დაცული იქნება კ3 კოეფიციენტით მოთხოვნილი პარამეტრები, ეზო კეთილმოეწყობა და დაირგვება ნარგავები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2015 წლიდან დამოუკიდებელი შენობის გარეშე არის დარჩენილი. სამინისტროს ყოფილი ნაგებობა წლების წინ გაიყიდა და ადგილზე „ჰუალინგ ჯგუფი“ ახალ სასტუმროს აშენებს. 2016-2018 წლებში ეკონომიკის სამინისტრო ნაქირავებ ოფისში იყო, რაშიც 4.4 მილიონის იჯარა გადაიხადეს, შემდეგ კი სამინისტრო იუსტიციის სახლის იმ ფლიგელში გადავიდა, სადაც წარსულში ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული.