„გლდანში პატარა ტბის რეაბილიტაცია მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამას გარდა, დედაქალაქის მერმა თეთრ ტბასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.

„გლდანში მდებარე პატარა ტბის ირგვლივ არსებული სივრცის მოწესრიგება დავიწყეთ. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. გარდა ამისა, გლდანში არის დიდი (თეთრი) ტბა, რომელსაც აქვს პრობლემა - შეინიშნება წყლის ზედაპირიდან აორთქლების მაღალი მაჩვენებელი, წყალმცენარეების ზრდა და ტბის წყლის ბალანსის დარღვევა. გლდანი თავისი შემოგარენით თბილისის ყველაზე დიდი და მჭიდრო დასახლებაა, აღნიშნული პრობლემა კი დიდ დისკომფორტს უქმნის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.

მართალია, აღნიშნული ტბა კერძო საკუთრებაა, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, მოკვლევა დაეწყოთ. ტბის ზოგადი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და მისი დაშრობის პრევენციის მიზნით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დადგინდა, რომ აღნიშნული პრობლემები გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების შემცირებით და ჰაერის ტემპერატურის მატებით. ასევე, ტბის გარშემო არსებული მკვებავი არხებით ტბას აღარ მიეწოდება წყლის საჭირო რაოდენობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალატიტეტი აღნიშნული ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს, რაც გულისხმობს ტბის მოცულობის გაზრდასა და სანიაღვრე კოლექტორის ბუნებრივი წყლებით შევსებას.

„აღნიშნული ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად განისაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები: პირველ ეტაპზე, ტბის შევსება-გაჯანსაღებისთვის აუცილებელია ტბის მოცულობის გაზრდა. ვინაიდან, ამჟამად წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის  მაგისტრალური მილსადენიდან აღებული წყლის გამოყენება. ამასთანავე, დაგეგმილია წყლის გადამღვრელის მოწყობაც. მეორე ეტაპზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტბის წყლით შევსების მიზნით, იგეგმება სანიაღვრე კოლექტორის ბუნებრივი წყლებით შევსება. ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებით, შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის დიდ (თეთრ) ტბას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.