ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, სიღნაღში, განახლებული რაიონული სამსახური მოინახულეს – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ცენტრის შენობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა - სივრცე აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ახალი ინვენტარით, რაც პერსონალისთვის, ღირსეულ სამუშაო გარემოს ქმნის და მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო აუმჯობესებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, რომ ყველა რეგიონში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები, ხოლო მოსახლეობას - სწრაფი და ეფექტური მომსახურება. ინფრასტრუქტურის განახლება სწორედ ამ ამოცანების განხორციელებას ემსახურება.
სიღნაღში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი იმყოფებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.