კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც საჭიროა პროექტირება და სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის დროებითი გადახურვის მოწყობა.
სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სვეტიცხოვლის ინტერიერში წყალმა გაჟონა. მიუხედავად იმისა, რომ „ტაძარში წყლის ჩადინების საფრთხე დროებით აღმოიფხვრა, საჭიროა გადახურვის სრული კვლევა და დაზიანებული ლორფინის გადაწყობა/ახლით ჩანაცვლება“. წინააღმდეგ შემთხვევაში „არსებობს წყლის განმეორებითი გაჟონვის საფრთხე“.
„ძეგლზე ამჟამად შექმნილი ვითარებისა და წინა წლებში ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით, აუცილებელია დაიწყოს სვეტიცხოვლის ტაძრის სრული, კომპლექსური რეაბილიტაცია. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე აუცილებელია ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარდეს ტაძრის ექსტერიერისა და ინტერიერის სრულყოფილი შესწავლა და საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადება“ – წერს სააგენტო.
სააგენტო „ტაძრის საპროექტო/კვლევითი დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობის მიზნით“ ამ ეტაპზე 762 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი განაცხადით ეროვნულმა სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
სააგენტოს განაცხადის მიხედვით 652 000 ლარი დაიხარჯება შემდეგი საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე:
„ტაძრის ინტერიერის და სხვენის 3D სკანირება; კედლის მხატვრობის ფოტოფიქსაცია და 3D სკანირება; გეოლოგიური/გეოდეზიური და სტრუქტურული კვლევა; სახურავის და სხვენის თერმოგრაფიული კვლევა; სახურავის, კამარების და აგურის კედლების სტრუქტურული კვლევა; ბზარების მონიტორინგის სისტემის განახლება და ახალი სენსორების შეძენა/მოწყობა; ტაძრის სრულ პერიმეტრზე მოსაწყობი ახალი ხარაჩოს ტექნიკური დოკუმენტაციის და პროექტის მომზადება; ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტის მომზადება; პროექტირების ეტაპზე ინტერიერში და ექსტერიერზე დროებით განსათავსებელი ხარაჩოს მოწყობის პროექტის მომზადება; ამწე კალათის ქირავნობა განსახორციელებელი სამუშაოებისთვის“.
სააგენტო წერს, რომ აღნიშნული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება ეტაპობრივად, 2025 წლის განმავლობაში.
ცალკე 110 000 ლარი დაიხარჯება „ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოების პროექტირების ეტაპზე ინტერიერში და ექსტერიერზე დროებით განსათავსებელი ხარაჩოს მოწყობის და დაშლის სამუშაოებში“.
„საპროექტო/კვლევითი მომსახურება, საფუძვლად დაედება ტაძრის სრული სარეაბილიტაციო დოკუმენტაციის შედგენასა და მის საფუძველზე ფიზიკური სამუშაოების დაწყებას, რომლის ფარგლებშიც სხვა სამუშაოებთან ერთად მოხდება ტაძრის არსებული საბურველის [ლორფინის] მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა, ტაძრის სტრუქტურული გამაგრება, წყალამრიდი სისტემის მოწყობა და სხვა.“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.
„2025 წლის 22 მარტს უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის ტაძრის ინტერიერში, კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა წყლის ინფილტრაცია. აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე, სააგენტომ უზრუნველყო საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რის შედეგადაც ჩატარდა პირველადი გადაუდებელი და მოკლევადიანი საკონსერვაციო სამუშაოები…
სააგენტომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს აპრილის თვეში მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის 22 მარტიდან ძეგლზე გამოვლენილი დაზიანებების, მისი საკონსერვაციო მდგომარეობისა და ჩატარებული გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე. მხარეებს შორის გაიმართა ონლაინ შეხვედრა, სადაც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების [ICOMOS; ICCROM] მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა მიმდინარე და სამომავლო სამუშაოებში მათი ჩართულობისა და რეკომენდაციების მოწოდების თაობაზე.
შეხვედრაზე მრჩეველთა ორგანოების მხრიდან მოწონებულ იქნა განხორციელებული პირველადი გადაუდებელი და პრევენციული საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგია, ასევე, ხაზი გაესვა კომპლექსური, მულტიდისციპლინური და გრძელვადიანი საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების გადაუდებელ აუცილებლობას.“ – წერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
- სააგენტო ასევე წერს, რომ „სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 1994 წლიდან სამთავროს მონასტერსა და ჯვრის მონასტერთან ერთად შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, სახელწოდებით „მცხეთის ისტორიული ძეგლები“.
- 2009 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე სესიაზე, მცხეთის ისტორიული ძეგლები გადატანილ იქნა საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში, ხოლო 2016 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიის გადაწყვეტილებით, მცხეთის ისტორიული ძეგლები დაბრუნებულ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
- 2018 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს 2018 წლის თებერვალში განხორციელებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის /ICOMOS/ICCROM-ის ერთობლივი რეაქტიული მონიტორინგის მისიის მიერ მცხეთის ისტორიული ძეგლების, მათ შორის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის, საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე მიღებული რეკომენდაციები“.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლის, გელათის ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო, თუმცა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ძეგლს სერიოზული პრობლემები შეექმნა. 2023 წელს კი გელათის რეაბილიტაციის საკითხი მთავრობამ საპატრიარქოს გადაულოცა.
წყარო: "ბათუმელები"