დიაბეტური ტერფის პრევენციისთვის, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა იმეგობრონ ენდოკრინოლოგებთან, დაარეგულირონ და აკონტროლოს შაქრის დონე და ჩაიტარონ ქვედა კიდურების სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა, ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ანგიოლოგმა, ანგიოქირურგმა და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, დიაბეტური ტერფი ვითარდება უფრო ხშირად, როცა არ ხდება პროცესების სრულფასოვანი მართვა, არ ვიცით, რომ შაქრიან დიაბეტთან ერთად პაციენტს სისხლძარღვების დაავადებაც აქვს.
რაც შეეხება კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ დიაბეტური ტერფის მკურნალობას, გიგი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მათი კლინიკა აღჭურვილია ჰიბრიდული საოპერაციოთი, სადაც მაღალტექნოლოგიური რენტგენოლოგიური აპარატურა და საოპერაციოდ მოწყობილი სტერილურ გარემოა.
„კომერსანტი“ გიგი ბრეგაძე დიაბეტური ტერფის გამომწვევ მიზეზებზე, რისკ-ჯგუფებზე, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებსა და პრევენციის გზებზე ესაუბრა.
რა ტიპის გართულებაა დიაბეტური ტერფი?
გიგი ბრეგაძე, ანგიოლოგი, ანგიოქირურგი და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი: დიაბეტური ტერფი სინდრომი გახლავთ ტერფზე არსებული სხვადასხვა გართულებები - დაწყლულება, ინფექცია, ან სახსრების მადეფორმირებელი დაზიანებები იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი.
დიაბეტური ტერფი 2 ფორმით არსებობს - ნეიროპათიური და ნეიროიშემიური. პირველი სუფთა ნევროლოგიური დარღვევებით მიმდინარე დარღვევაა. ამ დროს მგრძნობელობა იკარგება, არის დაბუჟება და წვა, მაგრამ სისხლძარღვები გამავალია და სისხლის მიმოქცევა დარღვეული არ არის.
ნეიროიშემიურ ფორმაში ამას ემატება ათეროსკლეროზული დაზიანებებიც, რომელიც მაგისტრალური სისხლძარღვების შევიწროებას და დაკეტვას იწვევს. ეს გახლავთ პროცესი, როცა სისხლძარღვების გამავლობა ირღვევა იმიტომ, რომ კედლის გადაგვარება მიდის, სანათური ვიწროვდება, ან სრულიად იკეტება და ტერფს იმდენი სისხლი არ მიეწოდება, რამდენიც საჭიროა ცხოველქმედებისა და რეგენერაციისთვის. უკვე წყლულოვანი დაზიანებისა და ინფექციის შემთხვევაში ორგანოს არ აქვს შეხორცებითი პროცესის განვითარების უნარი და იწყება ქსოვილთა დაზიანება, კვდომა და პროგრესირების შემთხვევაში კიდურის განგრენოზული ცვლილებები.
რამდენად გავრცელებული დაავადებაა დიაბეტური ტერფი მსოფლიოში და საქართველოში?
დიაბეტური ტერფი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ში გვხვდება, მაგრამ არის ქვეყნები აღმოსავლეთში, სადაც გავრცელება 30%-მდეა. ამ მხრივ საქართველოში სტატისტიკური მონაცემები არ გვაქვს იმიტომ, რომ საზოგადოებაში ცნობადობა მაღალი არ არის, სკრინინგი არ მიმდინარეობს და პაციენტებმა არც იციან რა პრობლემის წინაშე დგანან. როცა ფეხის დაწყლულებაზეა ლაპარაკი, ზოგჯერ სახლში იწყებენ მკურნალობას და ექიმთან არ მიდიან, სანამ არ გაურთულდებათ.
ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს, ვის შეიძლება გამოუვლინდეს დიაბეტური ტერფი?
ზოგადად, შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს და ახალგაზრდა პაციენტების დაავადება არ გახლავთ. შეიძლება 50 წლის ზევით უკვე მივიჩნიოთ რისკ-ჯგუფად. თუმცა, 60-70 წლის პაციენტებში უფრო ხშირია.
დიაბეტური ტერფი შეიძლება დაემართოს იმ პაციენტებს, ვისაც, პირველ რიგში, აქვს შაქრიანი დიაბეტი და, პლუს, ვისაც შეიძლება აღმოაჩნდეს ათეროსკლეროზი. ეს ქოლესტერინის ცვლის დარღვევით განვითარებული დაავადებაა.
დიაბეტური ტერფი ვითარდება უფრო ხშირად, როცა არ ხდება პროცესების სრულფასოვანი მართვა. არ ვიცით, რომ სისხლძარღვების დაავადებაც ახლავს მას და არ გვაქვს ტერფის მოვლის უნარ-ჩვევები. ხშირად შეიძლება, დიაბეტური ტერფის განვითარების მიზეზი ფრჩხილის პედიკიური გახდეს - დაზიანდეს კანი და რაკი მგრძნობელობა დარღვეულია, ვერ იგრძნოს პაციენტმა, შეიჭრას ინფექცია და დაიწყოს დაწყლულება, ან ინფექციამ ქსოვილთა მასიური დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტების მიერ იმის გაგებას, როგორ მართონ ეს პროცესი, დიაბეტის შემთხვევაში რა შეიმოწმონ, რომ საქმე გართულებამდე არ მივიდეს.
რა უნდა მოიმოქმედონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა, რომ გართულებებმა არ იჩინოს თავი?
პირველ რიგში, უნდა მოხდეს დიაგნოსტირება. პაციენტს უნდა ჰყავდეს ენდოკრინოლოგი, რომელთანაც ექნება მუდმივი კომუნიკაცია და არ უნდა მისცეს საშუალება, რომ შაქრის მაჩვენებელი გაიზარდოს, რადგან ეს გართულებები დაურეგულირებელ დიაბეტს უკავშირდება. ენდოკრინოლოგი მონიტორინგს უნდა ატარებდეს და, როგორც ვიცი, წერია პროტოკოლის მართვაში, რომ უნდა შეამოწმონ ქოლესტერინი სისხლში, ასევე თირკმლისა და თვალის ფუნქციები. მნიშვნელოვანია, სისხლძარღვთა მდგომარეობის შემოწმებაც. რომ გართულდება მერე კი არ უნდა დავიწყოთ სისხლძარღვების კვლევა, როცა გვაქვს დიაბეტი და ვართ რისკ ასაკობრივ ჯგუფში, უნდა მოხდეს სისხლძარღვთა სისტემის სკრინინგი და ვნახოთ როგორ მიეწოდება სისხლი ქვედა კიდურებს. ამ შემთხვევაში შეიძლება დოპლერი - სკანირება, იგივე სისხლძარღვთა ულტრაბგერითი კვლევა ჩატარდეს, სადაც უკვე სტრუქტურულადაც ჩანს - რა ხდება სისხლძარღვთა კედელში, ფასდება სისხლის მიმოქცევა და თუ პრობლემა გამოვლინდება, ანგიოლოგის მეთვალყურეობით დაიწყება პროცესების მართვა.
ამას გარდა, რაკი მგრძნობელობაა დარღვეული, კანი რომ არ დაზიანდეს, ფეხსაცმლის შერჩევა უნდა მოხდეს სწორად, ინფექციის კარები რომ არ გაჩნდეს. ამიტომ, ასეთ დროს პაციენტმა დახურული ფეხსაცმელი უნდა ატაროს.
არის შემთხვევები, როცა პაციენტები ზამთარში „პლიტას“ მიაფიცხებენ ხოლმე ფეხს და ისე იღებენ დამწვრობას, ვერ იგებენ. როცა სისხლის მიმოქცევა დარღვეულია, ტკივილს ვერ აღიქვამენ, არ აწუხებთ და კანის დაზიანება ხდება. ამიტომ ვამბობ, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აუცილებლად საჭიროა, პარალელურად შემოწმდეს ნეიროპათია და სისხლის მიმოქცევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სამედიცინო დაწესებულებაში როცა მიდის პაციენტი დაწყლულებული ტერფით და აქვს შაქრიანი დიაბეტი, ავტომატურად უნდა ხდებოდეს სისხლძარღვთა მდგომარეობის შეფასება. იწყება ქირურგიული დამუშავება ან თითის, ან ტერფის ამპუტირება და ამა დროს არ არის შეფასებული სისხლის მიმოქცევა და თუ სისხლის მიმოქცევაც დარღვეულია, იწყება პრობლემები იმიტომ, რომ ის არ ხორცდება, ნეკროზდება და ღრმავდება ქსოვილთა დაზიანება, სადაც დანა დაედება, აუცილებლად გაშავდება და დანეკროზდება. ამიტომ, როცა ქირურგთან მივა ასეთი პაციენტი, მნიშვნელოვანია, შეფასდეს სისხლის მიმოქცევა და თუ დარღვეულია, მერე უკვე ანგიოლოგები ვერთვებით და ვგეგმავთ, რა მეთოდებით აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა, რომ შემდგომში დაზიანებული ქსოვილი შეხორცდეს.
რა სიმპტომები ახასიათებს დიაბეტური ტერფის ნეიროპათიურ და ნეიროიშემიურ ფორმებს?
ნეიროპათიური ფორმა არის მგრძნობელობის დარღვევა. პაციენტები აღნიშნავენ, რომ ბალიშებზე დგანან, უფრო შორს წასული ფორმების დროს წვა და ტკივილიც აქვთ ფეხის გულზე. სისხლის მიმოქცევა თუ დარღვეულია, უფრო მეტადაა გამოხატული ეს პრობლემები, პლუს ტემპერატურაც შეიძლება უფრო დაბალი იყოს და უფრო გრილი ტერფები ჰქონდეთ. დიაბეტის არ არსებობისას, სისხლძარღვთა ცალკე დაავადების ძირითადი სიმპტომია გარდამავალი კოჭლობა. პაციენტი კონკრეტული მანძილის გავლის შემდეგ აღნიშნავს კუნთების დაღლას, უპირატესად ეს არის წვივის კუნთები. იძულებულია გაჩერდეს, დაისვენოს და ისევ გააგრძელოს გზა.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტმა დროულად არ მიმართა ექიმს, არის საშიშროება რომ გართულდეს მისი მდგომარეობა ან გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა?
დიაბეტის დროს ხშირია წვივის არტერიების და ტერფის დაზიანება. ასეთ დროს კალცინოზი ხდება, რომელიც შეიძლება დამთავრდეს სანათურის შევიწროებით და სისხლის გამტარუნარიანობის დარღვევით. თუ გართულებული ფორმაა და ვერ მოხერხდა სისხლის მიმოქცევის აღდგენა, შეიძლება კიდური დაიკარგოს ტერფის, წვივის, ბარძაყის, თეძოს დონეზე, გააჩნია სისხლძარღვთა სისტემა რა დონეზეა დაკეტილი.
როგორ ხდება დიაბეტური ტერფის დიაგნოსტირება და მკურნალობის „ნიუ ჰოსპიტალსში“?
დიაგნოსტიკა იწყება არაინვაზიური მეთოდებით - ფიზიკალური გასინჯვით და ულტრაბგერითი კვლევით. ამ დროს გამტარობა და სტრუქტურა ფასდება. თუ აუცილებელია ჩარევა, ანგიოგრაფიის სხვადასხვა ტიპი ერთვება - კომპიუტერული, დიგიტალური. მერე უკვე იგეგმება რა მეთოდით შეიძლება აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა.
მსოფლიოში წინა პლანზე წამოვიდა ენდოვასკულური მეთოდები - სისხლძარღვის შიდა ტექნოლოგიები, როცა თვითონ სისხლძარღვში შევდივართ და ვცდილობთ, რომ სპეციალური მავთულებით შიგნიდან გავიაროთ დაკეტილი უბნები და მერე გადავაყოლოთ ზედ ტენტები და გავშალოთ სისხლძარღვი, რომ სანათურის გამავლობა აღვადგინოთ და რიგ შემთხვევაში ღია წესით კომბინაცია დაგვჭირდეს, ან საერთოდ თუ არ გამოდის ენდოვასკულური მეთოდით, შუნტირება გაკეთდეს.
„ნიუ ჰოსპიტალსს“ რაც შეეხება, ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ჰიბრიდული საოპერაციოთი, სადაც არის მაღალტექნოლოგიური რენტგენოლოგიური აპარატურა და საოპერაციოდ მოწყობილი სტერილურ გარემო და სადაც შეიძლება ორივე ტიპის ოპერაციის, ან მათი კომბინაციის წარმოება, სხვა საოპერაციო სივრცეში პაციენტის გადაყვანის გარეშე.
რა რეკომენდაციები გაქვთ დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რომ არ განუვითარდეთ დიაბეტური ტერფი და ზოგადად, ამ გართულების პრევენციის რა გზები არსებობს?
პირველ რიგში, პაციენტს, ვისაც აქვს დიაბეტი, უნდა იმეგობროს ენდოკრინოლოგთან, დაარეგულიროს, აკონტროლოს და სკრუპულოზურად მოეკიდოს შაქრის დონეს. ეს გართულებების იმხელა რისკია, რომ სჯობს თავიდანვე მიღებული იყოს ზომები.
მეორე - პაციენტმა პრევენციულად უნდა ჩაიტაროს ქვედა კიდურების სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა. პრობლემა თუ გამოვლინდება, უკვე ანგიოლოგსაც უნდა მიმართოს. შემდეგ ის პრეპარატები უნდა ჩაერთოს მკურნალობაში, რომლებიც დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს. ამას გარდა, აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის მართვა, რომელიც ათეროსკლეროზული დაავადებების პროგრესირების რისკ-ფაქტორია. არ უნდა გამოგვეპაროს და უნდა ვმართოთ ასევე თირკმლის უკმარისობაც, რადგან ესეც რისკ-ფაქტორად ითვლება. ამას გარდა, დაავადება უფრო რომ არ დამძიმდეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დიეტა და ფიზიკური აქტივობა.