ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისთვის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტია, რადგან ენერგეტიკული ბირჟა არის თავისუფალი, საბითუმო ბაზარი, სადაც მსხვილ საწარმოებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტროენერგიის შესასყიდად პირდაპირ ბირჟაზე ივაჭრონ და ჰესების მფლობელებთან ხელშეკრულებები დამოუკიდებლად გააფორმონ.

მსხვილი კომპანიების გასვლამ თავისუფალ ბაზარზე სამომხმარებლო ტარიფზე ზეწოლა უნდა შეამსუბუქოს. გარდა ამისა, ენერგეტიკული ბრიჟის ამოქმედება შესაძლებლობას მოგვცემს სექტორში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგეტიკის კუთხით კვლავაც მრავალი რესურსია ასათვისებელი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბირჟის ამოქმედება ინვესტიციების ნაწილს კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს. ინვესტიციების ზრდა კი ნიშნავს ენერგიის გაზრდილი გენერაციას, რაც ავტომატურად გულისხმობს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბირჟის ამოქმედების შედეგად გრძელვადიან პერიოდში  ენერგეტიკის სექტორში  ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნება, რომლის პირობებშიც მოგებული მომხმარებელი რჩება. ამასთან დამკვიდრდება

სამართლიანი ფასწარმოქმნის პრაქტიკა.
ამასთან, გონივრული ნაბიჯია, რომ ბირჟის გახსნა ეტაპობრივად მოხდება, რადგან ეს პროცესი ხელს შეუწყობს ბაზარზე ფასების მკვეთრი მერყეობის შემცირებას. ბირჟის ეტაპობრივი გახსნის პირობებში ბაზარზე ვაჭრობს მსხვილი მომხმარებელი, პირველ ეტაპზე ვაჭრობა შესაძლოა, იყოს ნებაყოფლობითი მათთვის, გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა გაიხსნას სავალდებულოდ დღიური ბაზარი, რომ კომპანიებმა ენერგია წინა დღეს იყიდონ მომდევნო დღისთვის, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება საათობრივი ბაზარი, როცა ისინი დღის განმავლობაში იყიდიან დამატებით ენერგიას.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის სტრატეგიულ პროდუქტზე, როგორიც ელექტროენერგიაა. აღნიშნულ პროდუქტზე ფასების მკვეთრი მერყეობა დამაზარალებელია როგორც მოსახლეობისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. იმ ფონზე, როცა საგარეო რისკების ისევ არსებობს, აუცილებელია რომ ჩვენი სტრატეგია იყოს ფრთხილი საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივი გახსნა ამ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.