ევროკავშირის ლიდერებმა ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა დაგმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, ირანის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ.

„ევროპული საბჭო მკაცრად და ცალსახად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე, იმეორებს სრულ სოლიდარობას ისრაელელი ხალხის მიმართ და ერთგულებას ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართ. ევროპული საბჭო მოუწოდებს ირანს და მის მარიონეტებს, შეწყვიტონ ყველანაირი თავდასხმა და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში. ევროკავშირი მიიღებს შემდგომ შემაკავებელ ზომებს ირანის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უპილოტო საფრენ აპარატებთან და რაკეტებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი სრულად ერთგული რჩება, წვლილი შეიტანოს რეგიონში დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში.