17 აპრილს, პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, საკანონმდებლო ცვლილების განხილვა პარლამენტში დღესაც გრძელდება. დეპუტატების კითხვებს კანონპროექტის ინიციატორი პაატა კვიჟინაძე პასუხობს. როგორც პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა  კანონი შავი ფულის სამრეცხაოს რისკებს ქმნის ქვეყანაში.

„როცა ევროკავშირიდან, ამერიკიდან და სხვა გამჭვირვალე იურისდიქციებიდან პატიოსანი და ლეგალური ბიზნესი თუ იგივე ოპერაციას განახორციელებს ის იბეგრება და ამ მოცემულობაში შეღავათებია ისეთ ოფშორებში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებზე, სადაც  არალეგალური ფულის და აქტივების გათეთრება ხდება და წახალისებულ მდგომარეობაში გყავთ ჩაყენებული. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს და შავი ფულის სამრეცხაოს რისკებს ქმნის ქვეყანაში. ვისი დაკვეთაა ეს და ვის ინტერესებს ემსახურება?

გაურკვეველია საქართველოში არსებული კომპანია რომელშიც უცხოური აქტივები გადმოდის, უკვე უნდა არსებობდეს ამ კანონის მიღებამდე თუ ამ კანონის მიღების შემდეგაც შეიძლება მსგავსი საწარმოს დაფუძნება. მაგალითად 2025 წელს პირი აფუძნებს კომპანიას და მასში გადმოაქვს აქტივები? თუ ეს დასაშვებია, მაშინ ეს არის პირდაპირი გზა რუსული და არალეგალური ფულის და აქტივების საქართველოში დაუბრკოლებლად ლეგალიზაციისთვის და თქვენს კანონპროექტში არ ჩანს რომ რაიმე შეზღუდვა იყოს დროში,“- მიმართა თეონა აქუბარდიამ კანონპროექტის ინიციატორს.

კანონპროექტის თანახმად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.