35 წლის წინ აქ, ამ გამზირზე შეკრებილმა ქართველმა ერმა შეჰფიცა, რომ არ დათმობდა თავის სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ მრწამსს, არ გადაუხვევდა თავისუფლების გზიდან და ფიცისთანავე საკუთარი სისხლით დაამტკიცა მიღებული ურყევი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წინ, საერთო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა..

"დღეს, ჩვენ კვლავ ვდგავართ აქ, ერთ მუშტად შეკრული დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები, ვინაიდან ვიცით, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის ღირებულებებია, რომლებსაც მუდმივად სჭირდება დაცვა და გაფრთხილება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ყოფილა დღე, როდესაც ჩვენი თავისუფლება დასაცავი არ ყოფილიყო. ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა და ემუქრება ხილული და უხილავი საფრთხეები, იქნებოდა ეს საბჭოთა ტანკები თუ ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისა და ღირებულებების გადაგვარების თანამედროვე მცდელობები.

ვხედავთ, ზოგიერთის სურვილს, რომ საქართველო იყოს სხვა ძალების ინტერესების გატარების ინსტრუმენტი, სხვების ნება-სურვილის შემსრულებელი სატელიტი ქვეყანა. ჩვენთვის კი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო და დარჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ გაერთიანებაში, უნდა ემსახურებოდეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებს და არა პირიქით.

"ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს ვიცავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ. პირიქით, საქართველოს და ქართველებს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც ჩვენ მტკიცედ დავდგებით ჩვენი ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია - ჩვენი ვაზით, ჩვენი რწმენით, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიით. ამიტომ, ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები; ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა. ეს უნდა გაითავისოს დიდმაც და პატარამაც, შინაც და გარეთაც. დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას - ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენს ცხოვრებაზე უცხოური გავლენა.

ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ გვიპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სიამაყე ჩვენი თვითმყოფადობის გამო, არ გააჩნიათ ეროვნულობის განცდა და კუთვნილება ქართულ საწყისებთან. ისინი საქართველოზე უფრო მაღლა აყენებენ უცხოეთს, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქართველმა კაცმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი ბედი და მომავალი", - თქვა პაპუაშვილმა