საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მას დაგეგმილი აქვს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს. სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელოდება მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. დეინსი ასევე გეგმავს, გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის, რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“, – წერს საქართველოში ამერიკის საელჩო.