სომხეთმა სოფელ კირანცში სპეცრაზმი გაგზავნა. მოსახლეობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაციას აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, კირანცის მოსახლეობა 19 აპრილის შემდეგ ბლოკავს ვოსკეპარ-კირანცის მაგისტრალის მონაკვეთს, რის გამოც მთავრობამ ადგილზე სპეცრაზმის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც Deutsche Welle სომხურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, სპეცრაზმმა ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ არ დაიშლებიან, მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ, თუმცა მოსახლეობა კვლავ ადგილზე რჩება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეათანხმეს, სად გაივლის მათი საზღვარი. როგორც ცნობილია, განახლებული საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ საზღვრებს შეესაბამება.