საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი სერიოზული გამოწვევაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ელჩმა ჟურნალისტებს ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განუცხადა, რომ კანონპროექტი შესაბამისობაში არაა ევროპულ ღირებულებებთან და იმედოვნებს, რომ ის კანონად არ იქცევა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის დროული შესრულების აუცილებლობაზე.

"9 მაისი ტრადიციულად ევროპის დღეა. აღვნიშნავთ ევროპული ინტეგრაციის შესანიშნავ ისტორიას. მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ისტორიას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისთვის. თბილისში წლევანდელი აღნიშვნა გამორჩეულია, რადგან პირველად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მოხარული ვარ, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვარ ბოლო განვითარებებით. კიდევ არის დრო წინსვლისთვის.

როგორც იცით, ჩვენს გვსურს საქართველოს წარმატება და ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რათა გაიხსნას მოლაპარაკებები. ეს უკვე მოხდა უკრაინისა და მოლდოვისთვის. ამიტომ საჭიროა ამის სწრაფად გაკეთება და დაწევა. ამის მისაღწევად ვიმუშავებთ მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საკითხის გადაჭრა. როგორც ყველა ევროპელი ლიდერი იმეორებს, ეს კანონპროექტი ევროპულ ნორმებს და ღირებულებებს არ შეესაბამება. ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევაა დრო, ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რომ ის არ იქცეს კანონად. ამასთან, გვჭირდება წინსვლა 9 ნაბიჯის იმპლემენტაციაში, რომელიც საქართველოს განესაზღვრა. დრო იწურება, შემდეგ მოხსენებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი",- განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება კითხვას, კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის შესაძლო საპასუხო ნაბიჯებზე, ელჩი იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვის ტემპების გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს რეაგირება მოუწევთ.

“ვიმედოვნებთ, კანონპროექტი არსებული ფორმით მიღებული არ იქნება. როგორც ვიცით, ვენეციის კომისია მუშაობს და ველით შეფასებას. ჩვენ აქ ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას ევროკავშირის წევრობის გზაზე, რაც ასევე ქართველების უმრავლესობის სურვილია.

იმ ტემპის გათვალისწინებით, რომლითაც კანონის მიღება ხდება, რა თქმა უნდა, ლიდერებს ბრიუსელში მოუწევთ რეაგირება. იმედია, ამ ეტაპზე არ მივალთ. არ მსურს, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, რადგან საბოლოო ჯამში, ყველაზე ნეგატიური გავლენა ექნება. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ამ ეტაპამდე არ მივიდეთ”,- თქვა ელჩმა.