ადრე გამოწვევა ძალიან ბევრი შემოსული რეზიუმე იყო, რომელსაც HR ბოლომდე ვერც ეცნობოდა, ბოლო 5 წელია პირიქითაა, რეზიუმე არც კი შემოდის, - ამის შესახებ კომპანია HRPA Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ღაჭავამ BMGTV-ს გადაცემაში შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციების შეფასებისას ისაუბრა. აღნიშნული ფაქტი, მისი თქმით, იმის ბრალია, რომ კომპანიები შესაბამის სამიზნე აუდიტორიებზე ვერ გადიან.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში ვაკანსიების რაოდენობაც შემცირდა, რასაც სალომე ღაჭავა ქვეყანაში არსებულ ზოგად კრიზისს უკავშირებს. მისი განმარტებით, ბიზნესები აღარ აცხადებენ ახალ ვაკანსიებს, არ ამატებენ მიმართულებებს და იქაც კი, სადაც მოთხოვნა არსებობს, კვალიფიციურ კადრს ვერ პოულობენ.

„ბიზნესები აღარ აცხადებენ ახალ ვაკანსიებს, არ ამატებენ მიმართულებებს და სადაც აცხადებენ, იქაც ვერ პოულობენ კვალიფიციურ კადრს. სწორედ აქ ჩნდება კითხვა – სად ვაქვეყნებთ ვაკანსიებს? ვწვდებით თუ არა იმ ტალანტების კლასტერებს, ვისთან ერთადაც ჩვენი კომპანიის მომავალი წარმოგვიდგენია?“ – აღნიშნა ღაჭავამ.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ასობით ათასი დასაქმების გარეშე მყოფი ადამიანია, კომპანიები მათთან კომუნიკაციას ვერ ამყარებენ: „არ ვესაუბრებით სამიზნე ჯგუფებს, არ ვეუბნებით, რომ მზად ვართ, ღია ვართ. შესაბამისად, შედეგიც ასეთია“, - ამბობს კომპანია HRPA Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ღაჭავა ხაზს უსვამს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოზე არ ვრცელდება – მსგავსი ტენდენციები საერთაშორისო ბაზრებზეც აქტუალურია. თუმცა, მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში ეს საკითხები კულტურულად უფრო ადრე იქცა მასშტაბური სტრატეგიული ცვლილებების საფუძვლად, ვიდრე საქართველოში.

bm.ge