„ჩვენ არ ვერჩით ნარკო-მომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს რომელიც ნარკო-მომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი" - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ დრომდე, დაუბალანსებელი იყო ინტერესთა კონფლიქტი და არსებობდა კონკრეტული კომერციული  ინტერესები. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა  აღნიშნა, არსებობს ნარკოტიკული საშუალებების ავად მოხმარების ხელშეწყობის  დიდი რისკი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირება სჭირდება.

ინიციატივის მიხედვით, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ასევე იზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.  სხომაზე აღინიშნა, რომ  ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტების შესახებ ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება, რაც შეეხება იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, ამისთვის, განსაზღვრული ვადა 1 ოქტომბერი იქნება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა,  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,  მეორე  მოსმენით დაამტკიცა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს