მისი მიღება დაასრულებს საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირის გზაზე - ასე ეხმაურება ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის დირექტორი, პროფესორი სტივენ ჯონსი ე.წ რუსულ კანონს.

ის წერს, რომ დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს.

"ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს ისტორიაში" - წერს პროფესორი და ამბობს, რომ მისი შედეგი განსაზღვრავს ქართული დემოკრატიის მომავალს. მისი თქმით, პროგრამა მხარდაჭერილია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მაგრამ ეს არის აკადემიური პროგრამა, რომელიც ერთგულია იდეის, როგორიცაა სამეცნიერო დამოუკიდებლობა, კვლევების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება."ჩვენ ვერ გადავრჩებით ამ მახასიათებლების გარეშე - და ვერც ქართული დემოკრატია. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, უკეთ ცნობილი როგორც უცხოური აგენტების კანონპროექტი, არის გამოწვევა აკადემიური ფასეულობების მიმართ, რომელსაც ჩვენი პროგრამა იცავს, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი გამოძიების ერთგულების ნაწილი", - ამბობს ის.

პროფესორი განმარტავს, რომ ბუნდოვნად ჩამოყალიბებული კანონი მიღების შემთხვევაში შექმნის გამოხატვის თავისუფლების მეტად შეზღუდვის შესაძლებლობას მედიის, საქართველოს აკადემიური დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (მათ შორის უფლებადამცველი ორგანიზაციები).

ჯონსის თქმით, "ეს დაასრულებს ყველანაირ პროგრესს" ევროკავშირისკენ:

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და მის რეპუტაციას ტოლერანტობისა და სამხრეთ კავკასიაში ნამდვილი დემოკრატიის აშენების ერთგულების მიმართ".