„ეს არის სრულიად მიუღებელი. ეს არის ნაბიჯი უკან, რომელიც სამწუხაროდ, გაზრდის თამბაქოს მოხმარებას საქართველოში და გააუარესებს თამბაქოს კონტროლის სფეროში ვითარებას“, - ასე აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე „კომერსანტთან“ თამბაქოს აქციზის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. 

მისი თქმით, აქციზის გადასახადის შემცირება თამბაქოს ფასის კლებას და მოხმარების ზრდას გამოიწვევს. 

„ბევრჯერ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, ეს არის სახელმწიფოს სტრატეგიის, სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგო ღონისძიება. ასევე ეს არის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შეუსაბამო ღონისძიება, რაც არ ჯდება ევროასოცირებით განსაზღვრულ ვალდებულებებში და ზოგადად, ცხადზე უცხადესია, რომ თამბაქოს გაიაფება ნიშნავს მეტი თამბაქოს მოხმარებას. აქ ორი აზრი არ არსებობს. 

დღეს ბაზარზე 100 გრ თამბაქო ღირს 12 ლარი, საიდანაც, სავარაუდოდ 6 ლარი არის აქციზის გადასახადი. ამ 12 ლარიდან 3 ლარი თუ მოაკლდება ანუ თუ განახევრდება აქციზი, ფასიც დაიწევს.  კონკრეტული ბიზნესი თავისი პროდუქტის ფასს შეცვლის თუ არა გადასახადის შემცირების გამო ეს მისი საქმეა, მაგრამ აქციზის შემცირება ნიშნავს მეტ მოხმარებას და ეს ყველა სცენარით მოსალოდნელია“, - აღნიშნა კახა ღვინიანიძემ.

როგორც მან განმარტა, თუ აღნიშნული კანონი დამტკიცდება, საქართველოში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით სისტემა 2019 წლამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება. 

„იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და საღი აზრი გაიმარჯვებს. თუ ეს მაინც მოხდება, ჩვენ დავბრუნდებით 2019 წლამდე სცენარში. გადასახადების სტრუქტურა ერთ-ერთზე იქნება აბსოლუტურად იგივე. შესაბამისად, მოხდება იგივე, რაც ხდებოდა ამ სტრუქტურით. ქვეყანაში მასობრივად იყო გავრცელებული იაფი თუთუნი, ლამის ყველა ჯიხურის ყველა ფანჯრიდან იყიდებოდა ეს პროდუქტი. მნიშვნელოვნად ფართო იყო ამ პროდუქტების მოხმარება და მათზე ხელმისაწვდომობა, ამიტომ სცენარი და პროგნოზი ძალიან ცუდია“, - განაცხადა კახა ღვინიანიძემ.

რაც შეეხება კანონპროექტის ინიციირების მოტივს, მისი თქმით, „ეს და მსგავსი ინიციატივები ხელს აძლევს თამბაქოს ინდუსტრიას. შესაბამისად, მოტივებიც აქ უნდა ვეძებოთ“. 

„ორი აზრი არ არსებობს, თუ ზრდი თამბაქოს მოხმარებას, აზიანებ ქვეყნის ეკონომიკას და პირიქით, თუ ამცირებ მოხმარებას, აძლიერებ მოსახლეობას. რაც ნაკლებს ხარჯავს ის მავნე პროდუქტში, მეტად ჯანმრთელია, სხვა დარგები მეტად სარგებლობენ ამით და დადასტურებულია, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირება ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. 

გარდა ამისა, თამბაქოს მოხმარების გაზრდას, რა თქმა უნდა, არა ძალიან სწრაფად, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში თან სდევს უარყოფითი ეფექტი, მეტი ადამიანის ავადმყოფობა და მეტი ხარჯები ჯანდაცვაზე“, - აღნიშნა კახა ღვინიანიძემ. 

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილების თანახმად 30 ლარამდე მცირდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.