84 ხმით პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით წინა კვირაში მიიღო. ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი გამოქვეყნებისთანავე არ ამოქმედდება. საქართველოს პროფესიული გაერთიანებების კავშირში აცხადებენ, რომ ამ ფონზე გაუგებარია რატომ შემუშავდა ცვლილებები ფორსირებულად და რატომ განიხილა ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში გაერთიანება ჩართული არ ყოფილა. მეტიც, პროცესს ყველა აქტორი გამოაკლდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, რაისა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ კანონპროექტი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების დარღვევით შეიმუშავა და განიხილა პარლამენტმა. პროფკავშირებისთვის ასევე გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება, რადგან ახალი ნორმები მომავალი წლიდან შედის ძალაში.
,,კანონპროექტი შემუშავდა და განხილულ იქნა საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების დარღვევით. ვგულისხმობ ჩართულობას. კანონით და საერთაშორისო კონვენციით სახელმწიფოს ევალება, რომ შრომით საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება (მით უმეტეს როცა საკანონმდებლო დონეზეა) მიიღოს სოციალური პარტნიორების ჩართულობით. ვგულისხმობ პროფკავშირულ ორგანიზაციებს, დამსაქმებელს და თუ საჭიროა შესაბამისი ექსპერტული ცოდნის გამოყენებას. იმდენად ფორსირებულად შემუშავდა და დაჩქარებული წესით მიიღეს, კიდევ უფრო გაუგებარია რატომ არ იყო ამისი რესურსი და საშუალება, რომ შესაბამისი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ყოფილიყო მთავარ აქტორებთან, მაშინ როდესაც ეს კანონი არ შედის ძალაში გამოქვეყნებისთანავე. ის მომავალი წლიდან ამოქმედდება და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ძალიან საჩქარო ეს ყველაფერი არ იყო და შეგვეძლო ხარვეზები დაგვეზღვია. ხარვეზები შეიძლება გამოჩნდეს პრაქტიკაში. რატომ მოხდა ეს არე? არის ჩვენი კითხვაც. არ ვიცი. მე ამისი არგუმენტაცია რა იყო სახელმწიფოს მხრიდან. რატომ აუარა თუნდაც იმ საკანონმდებლო ვალდებულებებს გვერდი, რომ შრომის კოდექსი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია ავალდებულებს, რომ ასეთი საკითხები სამმხრივ ფორმატში განიხილოს. საქართველოში არსებობს ეს უწყება - სამმხრივი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. რა საჭიროება იყო და რა მოტივაცია ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი ასე სწრაფად გაეკეთებინათ ჩვენთვის გაუგებარია. მით უმეტეს კანონში შემოდის ძალიან ბევრი ინოვაცია.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
პროფკავშირები კანონპროექტის მიზანს ემხრობიან და მიიჩნევენ, რომ საჭიროა ადგილობრივი მუშა ხელის დასაქმება პრიორიტეტული გახდეს. რაისა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ გაერთიანება წლების წინ ითხოვდა მსგავსი რეგულაციის შემოღებას, თუმცა მაშინ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებული არ იყო. პროფკავშირებში ,,შრომითი მიგრაციის კანონში“ მიღებულ ცვლილებებში პრობლემებს ხედავენ. მიიჩნევენ, რომ კანონში მეტად იყო საჭირო გამოკვეთილიყო დამსაქმებლის ვალდებულება, რომ პირველ რიგში ადგილობრივი სამუშაო ძალა დაასაქმოს.
,,ეს არ არის ჩვენი მოგონილი სტანდარტი. ყველა სახელმწიფოს (განვითარებული თუ ნაკლებად განვითარებული) აქვს ის, რომ ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ, მაღალ ან განსხვავებულ სამუშაო კვალიფიკაციას, პრიორიტეტულად უნდა დასაქმდეს ადგილობრივი სამუშაო ძალა. მით უმეტეს, საქართველოს რეალობაში უმუშევრობა კვლავ მაღალი გვაქვს, თითქმის 14%-მდეა ბოლო მონაცემებით. კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმური საფუძველი აქვს სახელმწიფოს იმისა, რომ ასეთი რეგულაციები დაადგინოს. კანონპროექტში უფრო ცხადად არის გამოკვეთილი მიზანი, რომელიც გულისხმობს პრიორიტეტულად ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას. შესაბამისი კვალიფიკაციის არ ქონის პირობებში კი უცხოელის დასაქმებას. თუმცა, კანონში მეტად იყო საჭირო გამოკვეთილიყო დამსაქმებლის ვალდებულება, რომ პირველ რიგში დაესაქმებინა ადგილობრივი სამუშაო ძალა. მაგალითად, მინიმუმ ის რომ ამისთვის გაეწია ძალისხმევა. თუ საჭირო გახდებოდა დაემტკიცებინა, რომ მან კონკურსი გამოაცხადა, რაღაც ღონისძიებებს მიმართა, მაგრამ ვერ შეძლო ადგილობრივი კადრის დასაქმება. კანონში ამისი გამოკვეთა უფრო მეტად იყო საჭირო. პრინციპს რატომაც იღებენ ამ ცვლილებებს ვემხრობით და დიდი ხნის წინ ვითხოვდით ამას. მარტო ფურცელზე დაწერა, როგორი კარგი იდეებიც არ უნდა გვქონდეს, არასდროს არ არის საკმარისი. მით უმეტეს ჩვენს რეალობაში. მათ შორის, არც კანონში გამოკვეთილად მაგალითად დამსაქმებელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ადგილობრივ მუშა ხელს წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დასანქცირდება - ასეთი ხაზგასმა და კონკრეტულად გაწერილი დებულებები მაინც აკლია კანონს.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
2023 წელს შესული ცვლილებების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია უცხოელის სამსახურში აყვანის შემთხვევაში ის დაარეგისტრიროს. ამ ვალდებულების დარღვევა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ კანონის ამ ნორმას აღსრულების პრობლემები აქვს, რადგან ბევრი საერთოდ არ არეგისტრირებს უცხოელ თანამშრომელს. გასულ კვირას შესული ცვლილებებიდან საყურადღებოა ის ნორმა, რომელიც სანქციას დამსაქმებელთან ერთად დასაქმებულსაც აკისრებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რეგისტრაციის გარეშე მუშაობის შემთხვევაში 2026 წლის 1 მარტიდან 2 000 ლარით დაჯარიმდება. საჯარიმო სანქცია 2 000 ლარამდე იზრდება დამსაქმებლის შემთხვევაშიც.
,,2023 წელს შემოვიდა ნორმა, რომელიც ავალდებულებს დამსაქმებლებს, რომ დაარეგისტრირონ შესაბამის პორტალზე უცხოელი სამუშაო ძალა. მაგრამ ამის მიღმა, რეგისტრაციის გარდა არაფერი კანონმდებლობაში არ ეწერა. ერთადერთი ევალებოდათ რეგისტრაცია. იქაც ძალიან დაბალი სანქცია არის. არსებობს 1 000 ლარიანი სანქცია, თან არ აქვს მნიშვნელობა ოდენობას. მაგალითად, 1000 ადამიანიც რომ დაასაქმოს და არ დაარეგისტრიროს პორტალზე დამსაქმებელს 1000 ლარიანი ჯარიმა ეკისრება, მეტი არაფერი. საქართველოში დღემდე არ არსებობდა სამუშაო ნებართვის აუცილებლობა. შეიქმნა ეს უკონტროლო მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლები (ზოგი რეგისტრაციასაც არ ახდენდა. ვინც დაარეგისტრირა მცირე რიცხვია. ჩვენი მოსაზრებით უცხოური სამუშაო ძალა 42 ათას ადამიანზე მეტია. ეს მონაცემი ბევრად დაბალია, ვიდრე რეალურად ადამიანების რაოდენობა, ვინც მუშაობენ ქვეყანაში). შესაბამისად არ იმუშავა ამ ნორმებმა. ჩვენ მაშინაც ყველა ეტაპზე ვაყენებდით ამ საკითხს. ახალი ცვლილებებით შეიქმნა პირველი პრეცედენტი შრომის ინსპექციის არსებობის ისტორიაში, როდესაც პასუხისმგებლობა შესაძლებელია დადგეს არა მხოლოდ იურიდიული პირის, არამედ ფიზიკური პირისაც. ემიგრანტი შეიძლება დასანქცირდეს, დაჯარიმდეს ფინანსურად 2 000 ლარით, თუ არარეგისტრირებულ საქმიანობას ეწევა. ამ ადამიანებამდე, საზოგადოებამდე ხომ უნდა მივიდეს ეს ინფორმაცია. ამისთვის მინიმუმ საჭირო იყო უფრო ფართო განხილვები. რეგისტრაციის ვალდებულებამ რომ არ იმოქმედა სათანადოდ, ეს იყო დაკავშირებული იმასთანაც, რომ ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცოდა რომ ამისი ვალდებულება ჰქონდათ.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ კანონის ახალი ნორმების აღსრულებისთვის საჭიროა შრომის ინსპექციის ფინანსური და საკადრო გაძლიერება.
,,როდესაც აღსრულების მექანიზმზე ვსაუბრობთ შრომის ინსპექცია თუ არ გაძლიერდა ფინანსურად და საკადრო რესურსით, იმისთვის, რომ კანონმდებლობა აღასრულოს, რომელსაც უკვე აქვს მრავალი მიმართულება, მარტო კანონის მიღება არ არის საკმარისი. კანონპროექტში არ არის საუბარი დამატებით საბიუჯეტო სახსრებზე, მათ შორის იმ ორგანიზაციების მიმართ, ვისაც კანონმდებლობის აღსრულება ევალებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ აღსრულების ნაწილში შეიქმნება პრობლემა. განმარტებითი ბარათი და ზოგადად მთავრობის უფლებამოსილებები კარგად არის გამოკვეთილი, მაგრამ პრაქტიკული რომ იყოს კანონი საჭიროა ბევრი რაღაც გაიწეროს. კანონმდებელს თუ უნდა რომ მიზანი აღსრულებადი იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ გამოიყურება.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში არ გამორიცხავენ, რომ ,,შრომითი მიგრაციის კანონში“ მომავალში გარკვეული დაზუსტებების შეტანა გახდეს საჭირო. პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ თუ არ მოხდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების საკადრო რესურსებით აღჭურვა, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს აღსრულების პრობლემა.
,,რეგისტრაციის ნაწილი იქნება, შრომითი ნებართვები იქნება თუ დანარჩენი ნაწილი ამის აღსრულებას სერიოზული რესურსები სჭირდება. ჩვენ ვიცით რა ამ სტრუქტურების არსებული რესურსები, არ გვგონია, რომ მათი რესურსები საკმარისი იყოს.’’- აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.