2024 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,975 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5,5% (51 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2023 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის მარტის მონაცემებით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,6%-ით (26,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 756,2 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 677,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 78,5 ათასი – იურიდიული პირი. 

2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 914 კმ შეადგინა, რაც 3,1%-ით (207 კმ-ით) აღემატება 2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (6 707 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.