რატომ არიან ფანები მზად, მთელი თავისი დანაზოგი გაიღონ იმისთვის, რომ მათი უსაყვარლესი სუპერვარსკვლავი ან სათაყვანო არტისტი უშუალოდ იხილონ სცენაზე? რა აკავშირებს ფეხბურთის გულშემატკივარს მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთ კლუბთან? და საერთოდ, როგორ ხდებიან მავანნი სუპერპოპულარულები და კერპები? პასუხებს ამ და სხვა კითხვებზე „ურთიერთ მიზიდეულობის“ კვლევა იძლევა.

ელვის პრესლი, „ბითლზი“, მაიკლ ჯექსონი, მადონა... თითოეულმა მათგანმა მუსიკის ისტორია დაწერა. უფრო სწორად, მუსიკის ისტორია მათ ფანებმა დააწერინეს, რადგან სცენის ვარსკვლავი აუდიტორიის გარეშე არ არსებობს. ამ თაყვანისცემის საფუძველია განსაკუთრებული კავშირი, რომელსაც ფანი თავის ვარსკვლავთან მაშინაც კი გრძნობს, თუ ის, რეალობაში, მიუწვდომელია და ძალიან შორს არის.

ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს: ფანებში ფანტაზიას აღძრავს იმის რწმენა, რომ საკუთარი კერპები იმედს არასოდეს გაუცრუებენ. ამას ისიც ემატება, რომ ბევრი ვარსკვლავი დღეს მუდმივად ონლაინ ხაზზეა - ჩატები, მუდმივად ახალი ვიდეოები და ფოტოები ფანებში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი მუდამ მის გვერდით, ხელის გაწვდენაზე, მუდმივ კონტაქტში არიან.

სუპერვარსკვლავად ქცევის ფორმულა ჯერ არ არსებობს

დღეს ვარსკვლავები, როგორც წესი, მენეჯერების, პროდიუსერებისა და პლატფორმის ოპერატორების მიერ იქმნებიან. ხელოვნური ინტელექტის პროგრამები ახლა უკვე ვირტუალურ კერპებსა და ვარსკვლავებსაც ქმნიან. „წარმატების მიღწევის გადამწყვეტი ფაქტორი იმიჯია“, - ამბობს კასელის უნივერსიტეტის სისტემური მუსიკის პროფესორი, იან ჰემინგი. თავის მხრივ, „იმიჯი“ შეიძლება მოიცავდეს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა პოლიტიკური ქცევა, გარეგნობა, სქესი და ა.შ.

თუმცა, მაინც უპასუხოდ რჩება კითხვა: როგორ გავხდეთ ისეთი სუპერვარსკვლავი, როგორიცაა, მაგალითად, ტეილორ სვიფტი, ლედი გაგა ან ედ შირანი? მუსიკათმცოდნეობას, ფსიქოლოგიასა და მუსიკალურ ინდუსტრიას სუპერვარსკვლავის შექმნის ფორმულა ჯერ არ უპოვია. ფანობის ფენომენის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ პასუხი შეიძლება, უბრალოდ, „რაღაცაში“ იყოს და საბოლოოდ იმაშიც, რომ ვიღაც იღბლიანი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა.

ფანების სიყვარული, შესაძლოა, სამუდამოდ გაგრძელდეს

ფანობის კულტურა მუდმივად იცვლება. დიდი ხნის განმავლობაში, ის ტიპურ მოზარდული ასაკის მოვლენად ითვლებოდა. დღეს ფანების კავშირი თავის კერპებთან უკვე ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. არიანა გრანდე, ჯასტინ ბიბერი და სხვები, მათი სტაჟიანი ფანებისთვის, მხოლოდ პირველი ფარული სიყვარულის ობიექტები კი აღარ არიან, არამედ პოლიტიკურ მრჩევლებად, ცხოვრების გზამკვლევებად და კონსულტანტებად იქცნენ. მათი ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად, ტეილორ სვიფტის „გენდერული მინდობილობა“, ფანებმა უმალ აიტაცეს და საკუთარ დევიზად აქციეს.

გამოკითხვების თანახმად, ფანების 80-90 პროცენტს სიყვარული ერთი ნახვით ეწვევათ ხოლმე - არ აქვს მნიშვნელობა, ცხოვრების რომელ ეტაპზე. დღემდე დაუდგენელია, ჯერ მუსიკის სიყვარული მოდის და შემდეგ ვარსკვლავის, თუ პირიქით - ჯერ არტისტი უყვარდებათ და შემდეგ მისი ხელოვნება. კვლევები ორივე ვარიანტს „ლეგიტიმურად“ მიიჩნევს.

ვარსკვლავები მოზარდებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან, რომლებიც მათ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. ისინი ახალ თაობას ტრადიციების წინააღმდეგ აჯანყებენ - ზოგი მოზარდი დოლებითა და საყვირებით იბრძვის, ზოგი რბილი ტონებითა და ლირიკული ტექსტებით. ზოგი კერპი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ ცოცხალია ლეგენდა მათ შესახებ - იქნება ის ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, კურტ კობეინი თუ ემი უაინჰაუსი.

სამუდამოდ ჩემი საფეხბურთო კლუბი - წარუმატებლობის მიუხედავად

გულშემატკივრობა ყველა ასაკში, მემკვიდრეობით მიღებული და მემკვიდრისთვის გადაცემული ვნება, საკუთარი თავის მის ნაწილად შეგრძნება მაშინაც კი, თუ გუნდი რამდენჯერმე დაქვეითდება - ეს ჰარალდ ლანგესთვის კარგად ნაცნობი ფენომენებია. ლანგე ვიურცბურგის უნივერსიტეტში, ძირითადად, ფეხბურთის გულშემატკივართა კულტურის თემაზე მუშაობს. ეს პოპ-ვარსკვლავებისა და კინოვარსკვლავების ფანობისგან დიდად არ განსხვავდება. მისი არსი კლუბთან ან კლუბის რომელიმე წევრთან კავშირში გამოიხატება. თუმცა, სპორტში ის ნაკლებად არის დაკავშირებული ერთ ადამიანთან, თუნდაც ეს ადამიანები პელე, ბეკენბაუერი ან მიულერი იყვნენ.

„აქ ყველაფერზე მაღლა თავად თამაშის მომხიბვლელობა დგას. ამ თამაშში შენ მხოლოდ გულშემატკივარი ან მაყურებელი არ ხარ. ის საკმარის სივრცეს ტოვებს, რათა საკუთარი თავი ამ თამაშში ჩართო და გუნდის ნაწილად იქცე“, - ამბობს ჰარალდ ლანგე.

ფეხბურთის ფანები თავიანთ გუნდს მხარს უჭერენ, გუნდის ნაწილად გრძნობენ თავს და ღირსების შელახვის განცდაც კი უჩნდებათ, როდესაც მათი კლუბი დამარცხდება ან დაქვეითდება. გმირები ცალკეული თავდამსხმელები ან მეკარეებიც ხდებიან, მაგრამ ამის სათავე მიუნხენის „ბაიერნის“, „ინგოლშტადტის“, „შანცერნის“ ან სხვა კლუბის მიმართ სიყვარულია, რომელშიც ეს გმირი ასპარეზობს.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთის ფანები ასე ერთგულები არიან, არის პროფესიონალური სპორტის რიტუალიზაცია. ბუნდესლიგის კალენდარი ყოველწლიურად ერთნაირია, ტურნირები ისევე მეორდება, როგორც აღდგომა და შობა, შეძახილებიც ფანებს, უკვე დიდი ხანია, დაზეპირებული აქვთ. ამიტომ, დამარცხება, შესაძლოა, დიდი ტარგედია არც იყოს, გამარჯვება კი ძალიან დიდი სიხარულის მომტანია.

1tv.ge