ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც დამატებით 9 საეკლესიო დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს.
წინადადების ავტორი მოქალაქე ზაალ წერეთელია. მისი მოსაზრებით, მორწმუნეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, საეკლესიო დღესასწაულებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
იმ დღეებს შორის, რომელთა უქმეებად გამოცხადებასაც ზაალ წერეთელი ითხოვს, არის ღვთისმშობლის შობა (27 სექტემბერი), ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება (4 დეკემბერი), მირქმა (15 თებერვალი), ხარება (7 აპრილი) და სხვა.
კომიტეტზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე დაწესებულია 18 უქმე დღე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საქართვლოზე მეტი უქმე დღე არცერთ ევროპულ ქვეყანაში არაა და საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში უქმე დღეების რაოდენობა 27-მდე გაიზრდება, რითაც საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიოდოდა. ამასთან, კომიტეტის პოზიციაა, რომ ეს ცვლილება ზიანს მიაყენებს დამსაქმებლებს, რადგან ამ დღეებში მათი საქმიანობა შეფერხდება.
კომიტეტის ინფორმაციით, 2020 წელს სამუშაო დროის რეგულირების კუთხით შრომის კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რაც ხელს უწყობს დასაქმებულს, ჰქონდეს მეტი თავისუფალი დრო, მათ შორის ეკლესიაში მისასვლელად. კერძოდ, თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 საათია, დაწესებულა სულ მცირე ერთსაათიანი შესვენება. ასევე დასაქმებულს ეკუთვნის ერთი კვირის განმავლობაში მინიმუმ 24-საათიანი უწყვეტი დასვენება ან მხარეთა შეთანხმებით მინიმუმ 48-საათიანი უწყვეტი დასვენება 2 კვირის განმავლობაში.
ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ ფიზიოლოგიურად, რეკომენდებულია 8 საათი ძილი, რაც 24 საათის მესამედს შეადგენს. ამას კი, მისი თქმით, მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების უმეტესობა არ აკეთებს.
ლადო კახაძის თქმით, ქვეყნის კანონმდებლობა ზუსტად მისდევს ფიზიოლოგიურ სტანდარტს. კერძოდ, წელიწადში ჯამში 104 შაბათი და კვირა დღეა. ამას ემატება 18 დასვენების დღე, რაც ჯამში 122 დღეს შეადგენს, ეს კი დასვენებასა და მუშაობას შორის თანაფარდობის ფიზიოლოგიურ ნორმას შეესაბამება.