კეტტარი აკადემიამ საგანმანათლებლო საქმიანობა გააფართოვა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული მომზადების 2 პროგრამის „პროექტების მართვა შემოქმედებით ინდუსტრიებში“ და  „ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში“  განხორციელებას იწყებს. პირველი პროგრამის  ლექტორები არიან კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში მოღვაწე გამოცდილი პროფესიონალები თეონა ჯაყელი და სერგი გვარჯალაძე, მეორის - ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომუშავე გამოცდილი იურისტები თეიმურაზ ჯაფარიძე და გვანცა გუგეშაშვილი.

„2023 წლის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით შემოქმედებით ეკონომიკაში $985 მლრდ-ის დამატებითი ღირებულება იქმნება, მათ შორის ევროკავშირის წილი 413 მლრდ ევროა. შემოქმედებითი ინდუსტრიები ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი სექტორია.  ჩვენ ვხედავთ, რომ მოცემულ სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირების შემთხვევაში შეძლებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს  ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში. მოცემულ ეტაპზე ინდუსტრია თვითდინებით ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება, ხოლო სექტორის წინაშე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა კი პროფესიონალი კადრების სიმცირეა.  სწორედ ამ ნიშაზეა მორგებული კეტტარი აკადემიის ახალი პროფესიული პროგრამები“ - აღნიშნავს კეტტარი აკადემიის ხელმძღვანელი თეონა ჯაყელი.

პირველი პროფესიული პროგრამის „პროექტების მართვა შემოქმედებით ინდუსტრიებში“ მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში  პროექტის წარმატებულად დაგეგმვას და წარმართვას, ექნება სათანადო ცოდნა და უნარები პროექტის პარტნიორებისა და დონორების მოსაძიებლად და შეძლებს პროექტის წარმატებულად პოზიციონირებას  მარკეტინგული და საკომუნიკაციო ხერხებით.

პროფესიული პროგრამა მოიცავს 66 სასწავლო და პრაქტიკულ საათს, ლექციები ჩატარდება 11 კვირის მანძილზე. კვირაში 6-საათიანი დატვირთვით.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები  შეისწავლიან შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში პროექტების დაგეგმვას, მომზადებასა და წარმართვას. გაეცნობიან შემოქმედებითი ინდუსტრიების ისტორიას და განვითარებას, მის ძირითად მიმართულებებს, შემოქმედებითი ინდუსტრიების როლს ეკონომიკაში და წარმატებულ საერთაშორისო მაგალითებს, შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში პროექტული ხედვის მნიშვნელობას და მართვის მეთოდებს.

მსმენელები თეორიული და პრაქტიკული გუნდური მუშაობის ფარგლებში ისწავლიან პროექტების სტრუქტურის ჩამოყალიბებას, პრობლემების გაანალიზებასა და იდენტიფიცირებას, არსებული პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, საპროექტო კონცეფციების მომზადებას, პროექტის მიზნებისა და ამოცანების მკაფიოდ განსაზღვრას, სამოქმედო გეგმების, დროის განრიგების შედგენას, ბიუჯეტის შედგენას, რესურსების ეფექტურ გადანაწილებას, პროექტის გუნდის ფორმირებასა და გაძღოლას, ანგარიშებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, პროექტის კომერციალიზაციის გეგმის მომზადებას, პროექტების კრეატიული მარკეტინგისა და საკომუნიკაციო მეთოდებს.

პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული მეცადინეობებისას მოხდება საპარტნიორო წინადადებების მომზადება. მსმენელები ინდივიდუალური და ჯგუფური დავალების ფორმატში მოამზადებენ ადგილობრივ და საერთაშორისო სხვადასხვა ტიპის პროექტებს, რომელსაც საბოლოო სახით წარმოადგენენ პროგრამის დასრულებისას.

მეორე პროფესიული პროგრამის „ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში“  მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც შეძლებს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვას, რაც მოიცავს ინტელექტუალური საქმიანობის შედეგის სასიცოცხლო ციკლის მართვას, მათ შორის მისი სამართლებრივ დაცვის და ეკონომიკური სარგებლიანობის გამოყენებას.

პროფესიული პროგრამა მოიცავს 54 სასწავლო და პრაქტიკულ საათს, ლექციები ჩატარდება 9 კვირის მანძილზე. კვირაში 6-საათიანი დატვირთვით.

პროგრამის დასრულების შედეგად მსმენელები მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და პროფესიულ კომპეტენციებს.

მსმენელები შეძლებენ ინტელექტუალური საკუთრების არსის განსაზღვრას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების სასიცოცხლო ციკლის მართვას და მისი მონეტიზაციის ხერხების პრაქტიკულ გამოყენებას შემოქმედებით ინდუსტრიებში, რითაც ხელს შეუწყობენ ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვასა და სამოქალაქო მიმოქცევაში ჩაშვებას.