გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალების ერთჯერადი ინფუზიის შედეგად, ტიპი I დიაბეტის მქონე 12-ადამიანიდან 10 მათგანი, სავარაუდოდ, განიკურნა.
ერთი წლის შემდეგ, აღნიშნულ 10 პაციენტს ინსულინი აღარ სჭირდებოდა, დანარჩენი ორის მკურნალობისთვის კი ბევრად დაბალი დოზით ინსულინი გახდა საჭირო.
გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალება, სახელად ზიმისლესელი (zimislecel), რომელიც ბოსტონში დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Vertex Pharmaceuticals-მა შეიმუშავა, შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომლებიც მეცნიერებმა პანკრეასის კუნძულოვან უჯრედებად გარდაქმნეს. აღნიშნული უჯრედები სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებენ. ხოლო ინფუზიის შედეგად, ახალმა კუნძულოვანმა უჯრედებმა პანკრეასამდე მიაღწიეს.
კვლევა 20 ივნისს ამერიკის დიაბეტის ასოციაციის შეხვედრაზე წარადგინეს, ხოლო The New England Journal of Medicine-მა ის ონლაინ გამოაქვეყნა.
ახალი სამკურნალო საშუალება ახლა აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) უნდა დაამტკიცოს, მანამდე კი Vertex, სხვა ფარმაცევტული კომპანიების მსგავსად, უარს ამბობს სამკურნალო საშუალების ფასის გასაჯაროებაზე.
Vertex-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანია მონაცემებს მხოლოდ გამოკვლეულ პირებზე ფლობს, ამიტომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, დაეხმარება თუ არა ახალი მედიკამენტი ტიპი I დიაბეტის მქონე სხვა ადამიანებს.
ამჟამად ახალ სამკურნალო საშუალებაზე კვლევები გრძელდება და თუკი კვლევებს სამომავლოდაც პოზიტიური შედეგები ექნება, კომპანია FDA-ში მედიკამენტის დასამტკიცებლად განცხადებას, სავარაუდოდ, შემდეგ წელს შეიტანს.
წყარო: tabula.ge