საფრანგეთის ხელისუფლებამ  ბიბლიოთეკიდან ალექსანდრე პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობაში ბრალდებული საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ Journal du Dimanche იუწყება.

ეჭვმიტანილები, ორი ქალი და მამაკაცი, ორშაბათს პარიზში დააკავეს, გამოძიების ფარგლებში, რომელიც საფრანგეთის რამდენიმე ბიბილიოთეკიდან პუშკინის ორიგინალური ნაწარმოებების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსი პოეტის შემოქმედებაზე ბოლო დროს ბაზარზე დიდი მოთხოვნაა.

საქართველოს 3 მოქალაქე, რომელთა ასაკი 24, 26 და 44 წელია, პატიმრობაში პარიზის გარეუბანში, ნანტერში მდებარე , ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში იმყოფება.  გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილები ეკუთვნიან ორგანიზებულ ქსელს, რომელიც დაკავებულია პუშკინის ნაწარმოებების ქურდობით.

ეჭვმიტანილებისთვის ბრალის წარდგენა პარასკევს იგეგმება.

პირველი ქურდობა ივლისში მოხდა ლიონის ბიბლიოთეკიდან, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლით შეცვალა.
ოქტომბრის დასაწყისში ორი კრიმინალი შეიჭრა პარიზის მე-13 ოლქში მდებარე ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში (Inalco),  მათ აიღეს ათეული ხელნაწერი და შემდეგ თანამზრახველის მანქანით გაიქცნენ.

ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება მოხერხდა. ის 38 წლის მიხაილ ზ. აღმოჩნდა, რომელიც ადრე ლიეტუვის ხელისუფლებამ პუშკინის ხელნაწერების ქურდობის გამო ეჭვმიტანილთა სიაში შეიყვანა, ის 8 ნოემბერს ბელგიაში დააკავეს. 

გამომძიებლები ქურდობის მიზეზებს იძიებენ. გამოცემის ცნობით, მიზეზი შეიძლება იყოს პუბლიკაციების შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვის მიყიდვა, ან ევროპაში მყოფი რუსული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რუსეთში დაბრუნება.