იურისტმა, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა და ბიზნესმრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის” რუბრიკაში „შენი უფლებები გვანცა ჟორჟოლიანთან ერთად” არასრულწლოვანი მოქალაქის გამოკითხვის, დაკითხვის და ჩხრეკის წესებზე ისაუბრა.

იურისტმა ის უფლებები განმარტა, რომლითაც არასრულწლოვანი პირები ამ საგამოძიებო მოქმედებების დროს სარგებლობენ.

„დაუშვებელია არასრულწლოვანის ან ბავშვის გამოკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მშობლის თანდასწრების გარეშე. მათ ასევე აქვთ უფლება მოითხოვონ ადვოკატის დასწრება. არასრულწლოვანს აქვს უფასო იურიდიული მომსახურების მიღების უფლება, თუ ოჯახი არის გადახდის უუნარო, ან არის გადახდისუნარიანი და დანაშაული ეხება ისეთ საქმეებს, როგორიც არის სიცოცხლის წინააღმდეგ, ჯანმრთელობის წინააღმდეგ, წამება, სქესობრივი ხელშეუხებლობა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის.

ბავშვები აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკვებით ყოველ 4 საათში, დილის 08:00 საათიდან ღამის 22:00 საათამდე. დაუშვებელია არასრულწლოვნის გამოკითხვა ღამის საათებში, 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე. 

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დასაცავად არის გათვალისწინებული ფსიქოლოგის ჩართვაც, ამიტომ კანონიერ წარმომადგენელს, თუ ის ხედავს, რომ ბავშვი ემოციურად დატვირთულია, განიცდის, ნერვიულობს, უფლება აქვს ბრალდების მხარეს მოსთხოვოს ფსიქოლოგის ჩართვა”, - აღნიშნა იურისტმა. 

მისი განმარტებით, დაუშვებელია კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის განცალკევება არასრულწლოვნისგან, თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ასევე აკრძალულია არასრულწლოვნების ერთდროულად გამოკითხვა ან მათი დაპირისპირება.

იურისტის განცხადებით, მშობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააჩეროს გამომძიებელი და უარი თქვას გამოკითხვაზე, რადგან ეს არის ნებაყოფლობით და თუ მშობელი თვლის, რომ ბავშვზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ეს პროცესი, უფლება აქვს გააჩეროს გამოკითხვა.

როგორც მან განმარტა, გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი და ამ დროს პირს უფლება აქვს უარი თქვას გამოკითხვაზე და ამისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ასევე არ დაისჯება გამოკითხვის დროს მიცემული ცრუ ჩვენების გამო. ხოლო დაკითხვა არის ვალდებულება, რომელიც პირს უჩნდება სასამართლო უწყისის ჩაბარების შემდეგ. მას უფლება არ აქვს თავი აარიდოს კითხვებზე პასუხს და ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაშიც დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„მათ შორის საერთო არის ის, რომ ორივე შემთხვევაში შემიძლია გამოვიყენო დუმილის უფლება, შემიძლია ვისარგებლო ერთი სატელეფონო ზარით, ასევე უფლება მაქვს მოვითხოვო სამედიცინო მომსახურება და რა თქმა უნდა, ადვოკატი”, - განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა.

მან ასევე ისაუბრა თემაზე, თუ რა შემთხვევაში აქვს სამართალდამცველებს ჩხრეკის ჩატარების უფლება და რით განსხვავდება ის ზედაპირული დათვალიერებისგან.

„ჩხრეკის ჩატარების უფლება სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელს აქვს მხოლოდ სასამართლო განჩინებით ან გამომძიებლის დადგენილებით.

ზედაპირული დათვალიერების უფლება აქვს ნებისმიერ პოლიციელს და ეს მოიცავს ხელით ან დეტექტორით ტანსაცმელზე შეხებას. 

ჩხრეკისას ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ საგნის ამოღება, რომელიც განჩინებაშია და არ მიაყოლონ მას სხვა ნივთები, მაგალითად ტელეფონი და ა.შ. პირს უფლება აქვს მოითხოვოს ჩხრეკას დაესწროს ადვოკატი, ასევე შეუძლია მოითხოვოს თავისი მობილურით ან მოწმის მიერ ჩხრეკის ვიდეო გადაღება”, - აღნიშნა იურისტმა. 

თუ სამართალდამცველი პირების მიერ ადგილი აქვს კანონდარღვევას, მოქალაქეებს უფლება აქვთ მიმართონ სახალხო დამცველს, სახელმწიფო ინსპექტორს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექციის სამსახურს.