წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სწორედ ევროპის დღის აღსანიშნავად იმართება,  ამჯერადაც მასშტაბური და გამორჩეული იქნება. ეს იქნება დღე, როდესაც ათასობით ადამიანი მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების აღსანიშნავად შეიკრიბება.

შეხვედრის ადგილი კვლავაც უცვლელია – თბილისი, „ექსპო ჯორჯია", სადაც სტუმრებს წელსაც ექნებათ საშუალება, ევროპის ქვეყნებში ვირტუალურად იმოგზაურონ და უკეთ გაიგონ იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ათწლეულებია ახორციელებს.

ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება. წელს, ამ თარიღთან დაკავშირებული სახალხო ზეიმი თბილისში შაბათს, 11 მაისს გაიმართება. ამ დღეს, „ექსპო ჯორჯიას" ხუთ პავილიონსა და ეზოში, ექვსი განსხვავებული სივრცე მოეწყობა. აქ მოსული ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის მქონე ადამიანი აუცილებლად იპოვის მისთვის საინტერესოს და აღმოაჩენს რაღაც ახალს ევროკავშირის შესახებ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ევროპის დღე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ზეიმი: „ეს არის იმ ევროპული პროექტის უზარმაზარი წარმატების დადასტურება, რომელიც 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაიწყო და რომელმაც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ჩვენს საერთო წარსულ ვიხსენებთ და მოუთმენლად ველით იმ მომავალს, რომელიც გვინდა, რომ ერთად ავაშენოთ. წელს თბილისში გამართული დღესასწაული ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსთვის–ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის –ევროკავშირში გაწევრიანების კარი, როგორც იქნა, ფართოდ გაიღო. ახლა კი ქართველები, საჭირო რეფორმების სწრაფად გატარებით, ამ  კარში უნდა შევიდნენ".