საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება.
აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან გასული თექვსმეტი ნაკრები მეორე ეტაპს – პლეი ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრებს წილისყრამ კვიპროსი არგუნა, სადაც ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ ჩვენს გუნდთან ერთად იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კვიპროსი მოხვდნენ. საქართველოს საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ერგო და ჯგუფური ეტაპისთვის მომზადებას დიდი მნიშვნელობა ექნება.
ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ სოლიდური სამუშაო გასწია, რათა ნაყოფიერი მოსამზადებელი გეგმა შეედგინა. საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ კემპს საზღვარგარეთი-კვიპროსის ჩათვლით 5 ქვეყანა მოიცავს, რომლის ფარგლებშიც ჯიკიჩის გუნდი ექვს სპარინგმატჩს გამართავს. 6-დან 3 შეხვედრა დახურული ტიპის იქნება, ხოლო სამი მატჩი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ჩვენი ნაკრების შეკრება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 27 ივლისს ლატვიის კურორტ იურმალაში დაიწყება. ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველ სპარინგმატჩს იურმალაში 4 აგვისტოს ისრაელთან გამართავს, რომელიც, ისევე როგორც 7 აგვისტოს იურმალაშივე ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრა, დახურული იქნება.
8 აგვისტოს ნაკრები მეზობელ ლიეტუვაში გადავა, სადაც ქალაქ კაუნასში 9 აგვისტოს მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი კაუნასში 11 აგვისტომდე დარჩება, საიდანაც პოლონეთში გადაინაცვლებს და ქალაქ სოსნოვიეცში 14 აგვისტოს ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
სოსნოვიეცის შემდეგ საქართველოს ნაკრები პრაღაში ცხრადღიან შეკრებას, 15-დან 24 აგვისტოს ჩათვლით გამართავს, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ელის: 19 აგვისტოს დახურული, ხოლო 21-ში ღია ტიპის სპარინგი.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრება. სწორედ ამ ერთთვიანი შეკრების პერიოდში შეირჩევა ის 12 მოთამაშე, რომელიც ევრობასკეტზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ექვს მატჩს გამართავს.
ისრაელი VS საქათველო | 4 აგვისტო
ესტონეთი VS საქათველო | 7 აგვისტო
ლიეტუა VS საქათველო | 10 აგვისტო
პოლონეთი VS საქათველო | 14 აგვისტო
ჩეხეთი VS საქათველო | 19 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო | 21 აგვისტო