ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საქართველო წლების განმავლობაში ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ ამჟამინდელ მმართველ პარტიას ქვეყნის რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას france24 ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საკამათო კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელიც ოპონენტების თქმით, ძირს უთხრის თბილისის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოში ოთხშაბათს 20 000-მდე მომიტინგემ გააპროტესტა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც „ცნობილია ანტიდასავლური რიტორიკით და ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგულია“, განაცხადა, რომ კანონი ხელს შეუწყობს დასავლური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას.

გამოცემა წერს, რომ დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ განაცხადა, რომ თბილისს მოუწევს სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, პრესის თავისუფლების გაუმჯობესება და ოლიგარქების ძალაუფლების შემცირება, სანამ წევრობის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დაპირისპირებულია მმართველ პარტიასთან, განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება „მოსახლეობის ნებას“ და დაგმო ის, როგორც „რუსეთის დესტაბილიზაციის სტრატეგია,“ - აღნიშნულია სტატიაში.