კომუნიკაციების კომისიამ, სტუდენტებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 5G-ის, მისი უპირატესობებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და კომუნიკაციების კომისიის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები.

თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ComCom-ის საჯარო ლექციები, საქართველოს 8 უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალში, სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად ოპერატორებისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა "სელფი მობაილმა" მიიღო და 5G ინტერნეტი უკვე ბაკურიანსა და გუდაურში დანერგა.

5G - ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც მანამდე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.