მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის ანგარიშის, Future of Jobs Report-ის თანახმად, ახალი ტექნოლოგიებისა და ეკონომიკების მწვანე სტანდარტებზე გადასვლით მსოფლიოში 69 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ამავდროულად დღეს არსებული 83 მილიონი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგას ეკონომიკური სირთულეებისა და ავტომატიზაციის გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა, ერთი მხრივ, არსებული სამუშაო ძალის გადამზადება და, მეორე მხრივ, განათლების სექტორის (პროფესიულისა და უმაღლესის) ადაპტირება მოსალოდნელ საჭიროებებთან.

ანგარიშის მიხედვით, სტანდატრული სია, თუ რა უნარები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომ თავიანთ სფეროში შრომის ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანი, დააკმაყოფილონ დამქირავებლებისათვის სასურველი სტანდარტები და მოთხოვნები და ხელი შეუწყონ ინოვაციას, არ არსებობს, მაგრამ ასეთ ცოდნას შორისაა ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა და მონაცემთა ანალიზი, მწვანე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკასთან დაკავშირებული ცოდნა სხვადასხვა დარგში.