“როდესაც 2023 წელს პიკური ზრდა გვქონდა, შემდგომ კლება შეინიშნებოდა, IT სპეციალისტების ქვეყნიდან გადინების ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ IT ბინადრობის არარსებობა იყო” - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძემ ისაუბრა.
"ევროპულ ქვეყნებში, როგორებიცაა: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ასეთ ადამიანებზე “ნადირობდნენ”. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა სხვა ქვეყნებში. ამიტომ ჩვენი და სახელმწიფოს კომუნიკაციის საფუძველზე, ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდად IT ბინადრობის მოწმობა იქნა შემოთავაზებული. ეს ხელს შეუწყობს IT სპეციალისტების გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ ადამიანების საქართველოში დარჩენას. ეს კი სექტორის გაზრდას და ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის გაზრდას მოიაზრებს. შემდგომ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან ჭრილში მოხდება ჩანაცვლება. თუმცა, იმდენად დიდია კადრებზე მოთხოვნა, რომ მუშახელის ადგილობრივი ბაზარი არ იქნება საკმარისი”, - ამბობს თორნიკე სულაბერიძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ IT სპეციალისტების შემოდინებას, რეგიონის მასშტაბით, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ელიან, თუმცა ამასთანავე სწორი პოპულარიზაციითა და მარკეტინგული კამპანიებით, სულაბერიძე არ გამორიცხავს საქართველომ დასავლეთ ევროპიდანაც მოიზიდოს ტალანტები.
“მოგეხსენებათ, ანაზღაურება IT სექტორში აქაც და ევროპაშიც თითქმის თანაბარია, თუმცა საცხოვრებელი ხარჯი 10-ჯერ და 5-ჯერ დიდია დასავლეთ ევროპაში, ვიდრე საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სექტორი მოქნილია და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, დიდი იმედი მაქვს, რომ დასავლეთ ევროპის ბევრი ტალანტი გადმოვა საქართველოში და ამ რეფორმას ფოკუსი არ ექნება მხოლოდ რეგიონზე,”- აცხადებს, თორნიკე სულაბერიძე.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში IT ბინადრობის მიღებას სექტემბრიდან შეძლებენ. საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო კანონი, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდება.