OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი ასისტენტის, ChatGPT Agent-ის გაშვების შესახებ განაცხადა. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ინფორმაციით, ახალ AI-„აგენტს“ სხვადასხვა ტიპის, მომხმარებლებისთვის ბევრად პრაქტიკული დავალებების შესრულება შეუძლია – მათ შორის, სლაიდების შექმნა, კერძებისთვის ინგრედიენტების შეძენა ან ხარჯების შედგენა.
OpenAI-ის ინფორმაციით, AI-აგენტის საშუალებით მომხმარებლებს ამოცანების შესრულების ავტომატურად დაგეგმვაც შეეძლებათ, მაგალითად, ახალი მონაცემებით, ყოველი კვირის დასაწყისში, არსებული ცხრილების განახლება. კომპანიის განცხადებით, ახალ შესაძლებლობებს თან „ახალი რისკებიც“ ახლავს, თუმცა ChatGPT-ს, მომხმარებელთა სენსიტიური ინფორმაციის დასაცავად, შესაბამისი დაცვის მექანიზმებიც დაემატება.
ამავდროულად, ინსტრუქციების გასაგებად ან საჭიროების შემთხვევაში დავალების სრულად შესაცვლელად, მომხმარებელს ChatGPT Agent-ის მუშაობის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე შეჩერება შეეძლება. შემდეგ კი, AI-„აგენტი“ მუშაობას ჩვეულებრივ განაახლებს იმ მომენტიდან, სადაც გაჩერდა, პროგრესის დაკარგვის გარეშე.
ChatGPT Pro-ს მომხმარებლებისთვის ChatGPT Agent-ი უკვე ხელმისაწვდომია. ChatGPT Plus-ისა და ChatGPT Team-ის მომხმარებლები კი ChatGPT Agent-ზე წვდომას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ხოლო Enterprise-ისა და Education-ის პაკეტებისთვის ხელოვნული ინტელექტის ახალი „აგენტი“ ხელმისაწვდომი მომდევნო კვირებში გახდება.
რაც შეეხება კონფიდენციალურობის ზომებს: OpenAI-ის განცხადებით, მომხმარებლებს ჩატის ისტორიის სრულად წაშლა მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით შეეძლებათ. ასევე, ერთი დაწკაპუნებით შეეძლებათ გათიშონ ნებისმიერი აქტიური ვებგვერდი სესიიდან, რომლებიც მათ დავალებებთანაა დაკავშირებული. თუმცა, OpenAI-ის ინფორმაციითვე, ვებსაიტებისთვის განკუთვნილი ქუქი-ფაილები, თავად გვერდების ქუქი-ფაილების პოლიტიკასთან შესაბამისობით, შენარჩუნდება.
OpenAI-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ChatGPT Agent-ი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და სლაიდშოუების გენერირებისა და ამოცანების შესრულების დროს შესაძლოა გარკვეული შეცდომებიც დაუშვას. OpenAI-ის მოლოდინით, უახლოეს პერიოდში ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის ეფექტიანობა გაუმჯობესდება და ეს AI-ის შესაძლებლობებსა და მომხმარებლის უსაფრთხოებას შორის ბალანსის მიღწევით მოხერხდება.
OpenAI-მ მარტში $40 მილიარდის ღირებულების დაფინანსების რაუნდი დახურა, რაც ტექნოლოგიურ კერძო დაფინანსების რაუნდებს შორის უმსხვილესია. გარდა ამისა, კომპანია, SoftBank-თან, Oracle-თან და MGX-თან ერთად, Stargate-ის მონაცემთა ცენტრის პროექტზე მუშაობს. ცნობისთვის, Stargate-ი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერაა ინიციირებული და $500 მილიარდის ღირებულების პროექტია.