სამი წამყვანი სარეკლამო ანალიტიკური კომპანია – Magna, WPP Media და Madison and Wall – წლის მეორე ნახევრის პროგნოზებს აქვეყნებს. რა ფუნდამენტური ცვლილებები ელოდება ბაზარს უახლოეს მომავალში?

საცალო მედია ტელევიზიას ჩაანაცვლებს

ისტორიაში პირველად, გლობალური სარეკლამო ბიუჯეტების მეტი წილი საცალო განაწილდება მედიაზე, ვიდრე ტელევიზიაზე. მედია ინვესტიციების კვლევითი კომპანია Magna (IPG Mediabrands-ის შვილობილი) პროგნოზირებს, რომ 2025 წელს, საცალო მედია ქსელები 163 მილიარდ დოლარს მოიზიდავენ, მაშინ როცა ტელევიზია და სტრიმინგ პლატფორმები ჯამში 155 მილიარდს მიიღებენ.

შედარებისთვის, გასულ წელს, საცალო მედიამ 144 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც ჩამორჩებოდა ტელევიზიის 163 მილიარდიან მაჩვენებელს.

სარეკლამო გიგანტ WPP-ს კვლევითი განყოფილება WPP Media მსგავს ტენდენციას ხედავს: წლის ბოლოსთვის, საცალო მედია გლობალური სარეკლამო ინვესტიციების 15.7%-ს დაიკავებს, ტელევიზიისა და სტრიმინგის 15.1%-იან წილთან შედარებით.

თუმცა, მიუხედავად ზრდის ტენდენციისა, საკონსულტაციო კომპანია Madison and Wall პროგნოზირებს, რომ 2025 წლის განმავლობაში საცალო მედიის ზრდა „მნიშვნელოვნად შენელდება“ „მოსალოდნელი მაღალი სატარიფო განაკვეთების გამო“.

მომხმარებლის შექმნილი კონტენტი პროფესიონალურს გაუსწრებს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხა: WPP Media-ს კვლევის თანახმად, TikTok-ისა და Instagram-ის მსგავს პლატფორმებზე მომხმარებლების მიერ შექმნილ კონტენტზე მიბმული სარეკლამო ბიუჯეტები წელს პირველად გადააჭარბებს ტრადიციული მედია კომპანიების კონტენტზე განაწილებულ თანხებს.

საერთო ჯამში, კონტენტის შემქმნელებსა და ინფლუენსერებში ჩადებული სარეკლამო ინვესტიციები 2025 წელს 184.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 20%-ით მეტია გასულწლიურ მაჩვენებელთან შედარებით. WPP Media-ს პროგნოზით, ეს ციფრი 2030 წლისთვის 376.6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვარი მოყვარულსა და პროფესიონალს შორის ხშირად ბუნდოვანია (მაგალითად, WPP Media YouTube-ზე 400 მილიონზე მეტი გამომწერის მქონე MrBeast-ს პროფესიონალად მიიჩნევს), სპონსორობის, ბრენდ-პარტნიორობისა და ინტერნეტ პერსონებზე ორიენტირებული პლატფორმული რეკლამის ზრდა მიუთითებს ფუნდამენტურ ცვლილებაზე მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი კონტენტის ტიპში.

სავაჭრო ომები სარეკლამო ინვესტიციებს აფერხებს

როგორც Magna, ისე WPP Media იძულებული გახდნენ დეკემბერში გაკეთებული 2025 წლის გლობალური სარეკლამო ხარჯების პროგნოზები შეემცირებინათ.

Magna-ს განახლებული მონაცემებით, სარეკლამო ინვესტიციები წლიურ ჭრილში 4.9%-ით გაიზრდება და 979 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ჩამორჩება თავდაპირველ 6.1%-იან პროგნოზს.

Magna-ს გლობალური ბაზრის კვლევის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ვინსენტ ლეტანგის განცხადებით, შემცირებული პროგნოზის მიზეზი ეკონომიკური ოპტიმიზმის დაქვეითება და ბიზნესის ნდობის შემცირებაა.

პარალელურად, WPP Media-ს პროგნოზით, 2025 წელს მსოფლიო სარეკლამო ხარჯები (აშშ-ს პოლიტიკური რეკლამის გამოკლებით) 6%-ით გაიზრდება და 1.1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც ადრინდელ 7.7%-იან პროგნოზთან შედარებით, ნაკლებია. გადახედვის მიზეზებად დასახელებულია ეკონომიკური დეგლობალიზაცია და საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება.

Madison and Wall-ის გათვლებით, აშშ-ს სარეკლამო ხარჯები (პოლიტიკური რეკლამის გარეშე) 2025 წელს 6%-ით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი აღემატება მარტში გამოქვეყნებულ 3.6%-იან პროგნოზს, ის მაინც ჩამორჩება ფირმის ბოლო წლების ნებისმიერ წლიურ პროგნოზს 2020 წლიდან მოყოლებული, როდესაც აშშ-ს სარეკლამო ხარჯები 2.1%-ით შემცირდა.

Madison and Wall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ვიზერმა განაცხადა, რომ პროგნოზის კორექტირება გამოწვეულია ამერიკული ეკონომიკის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით, რომლებიც ინფლაციისა და სამომხმარებლო ხარჯების თვალსაზრისით ჯანსაღად გამოიყურება.

ამავდროულად, ვიზერი აფრთხილებს, რომ მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ შესაძლოა მომავალი ზრდა შეაფერხოს. მისი საერთო შეფასებით, პერსპექტივა „გარკვეულწილად პესიმისტურია“.

წყარო: Adweek   marketer.ge