აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სტაბილური კრიპტოვალუტებისთვის, იგივე სტეიბლკოინისთვის, მარეგულირებელი რეჟიმი ამოქმედდება. Reuters-ის შეფასებით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, საფუძველი დაუდოს ციფრული აქტივების ყოველდღიურ მიმოქცევაში შესვლას.

კანონპროექტი, სახელწოდებით GENIUS act, წარმომადგენლობითმა პალატამ 308 ხმით 122-ის წინააღმდეგ მიიღო, მას მხარი რესპუბლიკელთა უმრავლესობამ და დემოკრატთა ნახევარმა დაუჭირა. კანონპროექტი დამტკიცებული ჰქონდა სენატსაც.

კანონის დამტკიცება წარმატებულ ნაბიჯადაა შეფასებული კრიპტოინდუსტრიის მხარდამჭერებისგან, რომლებიც ინდუსტრიის ლეგიტიმურობის გასაზრდელად მარეგულირებელი ჩარჩოს ამოქმედების საჭიროებაზე დიდი ხანია საუბრობენ.

“ეს ხელმოწერა დადასტურებაა თქვენი მუხლჩაუხრელი შრომისა და პიონერული სულისა. ეს კარგი იქნება დოლარისთვისაც და ქვეყნისთვისაც”, - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის დროს.

აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის შეფასებით, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა კიდევ უფრო გაამყარებს დოლარის, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსს.

სტებილკოინები მუდმივი ღირებულების მქონე კრიპტოვალუტებია და, როგორც წესი, მათი შეფარდება ამერიკულ დოლართან 1:1-ზეა. ახალი რეგულაციით, სტეიბლკოინები ლიკვიდური აქტივებით უნდა გამყარდეს, რეზერვების შესახებ ინფორმაცია კი ყოველთვიურად უნდა განახლდეს.

სტეიბლკოინის ბაზარი ამჟამად $260 მილიარდადაა შეფასებული და მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულაციით მის მიმართ სანდოობაც გაიზრდება, რაც ბაზარს 2028 წლისთვის $2 ტრილიონამდე გაზრდის.

bm.ge