„აბუ დაბის რეისის გაუქმება ჩვენთვის, ანუ ქუთაისისა და იმერეთისთვის, სერიოზული დარტყმაა, რადგან ეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქთან ფრენა არ იყო და მთლიანად საქართველოს ახლო აღმოსავლეთის საკმაოდ სოლიდურ მხარჯველობითუნარიან მხარესთან აკავშირებდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორმა, ლაშა ბერეკაშვილმა, განაცხადა.
ბერეკაშვილის თქმით, არავითარი წინასწარი გეგმა და სტრატედია არ ყოფილა იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის რეისი ჩაენაცვლებინათ.
„ასეთი მნიშვნელობის რეისი გააუქმეს ისე, რომ არავითარი გეგმა და წინასწარი სტრატეგია არ ყოფილა იმისა, როგორ და რით უნდა ჩაგვენაცვლებინა. ელემენტარულად, ამდენი ადამიანი, ვინც ამ რეისზე მუშაობდა, უსამსახუროდ დარჩა და მათ წინაშე პასუხისმგებლობას არავინ გრძნობს. ეს ყველაფერი ჯერ სათანადო ფორმებით გამოხატული არაა, რადგან ფრენები სულ ახლახანს შეწყდა და უფრო ოქტომბერ-ნოემბრიდან ვიგრძნობთ.
აბუ დაბის რეისის გაუქმება ჩვენთვის, ანუ ქუთაისისა და იმერეთისთვის, სერიოზული დარტყმაა, რადგან ეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქთან ფრენა არ იყო და მთლიანად საქართველოს ახლო აღმოსავლეთის საკმაოდ სოლიდურ მხარჯველობითუნარიან მხარესთან აკავშირებდა. ასევე, ტურისტებით ავსებდა საქართველოს ისეთ პერიოდში, როცა ჩვენთან კლასიკური ტურისტული სეზონი არაა - ნოემბრიდან მაისამდე, რაც ორმაგად სასარგებლო და ხელსაყრელია. ამ ფრენების გაჩერება აეროპორტისთვის ერთი ხელის მოჭრის ტოლფასია.
გარდა ამისა, აღნიშნული რეისი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებდა. ქუთაისი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას ასრულებდა იმ ფონზე, რომ ჩვენ პრაქტიკულად 1 ლარსაც არ ვხარჯავდით. ცალკე საკითხია, რომ ამ უპირატესობას სათანადოდ ვერ ვიყენებდით“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.