2024 წლის იანვარ-მარტში გერმანული ფეხსაცმლისა და სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლის Adidas-ის წმინდა მოგებამ 170 მლნ ევრო შეადგინა. 2023 წლის იმავე პერიოდში კომპანიის ზარალი 39 მლნ ევრო იყო. რაც შესაძლებელი გახდა ფეხსაცმლის ხაზებზე - Samba-ზე, Gazelle-ზე, Spezial-სა და Campus-ზე მოთხოვნის ზრდით. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

წმინდა მოგების ამ რაოდენობამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც 163,7 მლნ ევროს ელოდნენ.

ამასთან, საოპერაციო მოგებამ 336 მლნ ევროს მიაღწია გასული წლის პირველ კვარტალში 60 მლნ ევროსთან შედარებით. ხოლო წმინდა გაყიდვები 3.5%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5.46 მლრდ ევროს მიაღწია.

Reuters წერს, რომ გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში, Adidas-ის სიდიდით მეორე ბაზარზე, 4%-ით დაეცა, მაგრამ 8%-ით გაიზარდა  ჩინეთში, სადაც კომპანია ინვესტიციების გაზრდით და „ფასების გაუმჯობესებით გაფართოებას გეგმავს.

2023 წლის ანგარიშში Adidas-მა, 1992 წლის შემდეგ, პირველად გამოაცხადა წლიური წმინდა ზარალი 58 მლნ ევროს ოდენობით. მთავარი მიზეზი Kanye West-თან და მის ბრენდ Yeezy-თან კონტრაქტის გაწყვეტა გახდა.

მწარმოებელი Yeezy-ს პროდუქტების დარჩენილი მარაგების გაყიდვას 2024 წლის განმავლობაში საშუალო ფასად აპირებს და ამ გაყიდვებით გეგმავს, რომ დაახლოებით 200 მილიონი ევროს შემოსავალს გამოიმუშავებს.ა