გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ რუსული კომპანიების, Rosneft PJSC-ისა და Lukoil PJSC-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ალასკაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, რათა პუტინს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება აიძულონ.
წყაროების მიხედვით, ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანიის წინააღმდეგ სანქციების მიზანი კრემლისთვის ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვა იქნება.
მაღალჩინოსნების თქმით, მსგავსი პოტენციური ნაბიჯის გლობალურ ფასებზე შესაძლო გავლენის მიმართ ღელვის გამო, ტრამპი იმედოვნებს, რომ მსგავსი ზომების მიღება მოკლევადიანი პერიოდით იქნება საჭირო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სხვა ვარიანტები გულისხმობს რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებასა და რუსული ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებზე ტარიფების გაზრდას.
Fox Business Network-ზე საუბრისას აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ "მაგიდაზე ყველაფერია."
ალასკაში პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინი "ძალზე მძიმე ეკონომიკური შედეგების" წინაშე აღმოჩნდება, თუკი ის ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ ომის გაგრძელებას გადაწყვეტს.